ახალი ამბები

რელიგიური კონფესიები მედიის მუშაობას აკრიტიკებენ [VIDEO]

3 აპრილი, 2014 •
რელიგიური კონფესიები მედიის მუშაობას აკრიტიკებენ [VIDEO]

შეხვედრის გახსნის შემდეგ შეკრებილი საზოგადოების წინაშე მოხსენებით ჯერ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი თეა გოგოტიშვილი გამოვიდა, შემდეგ- მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი დეკანოზი ლევან მათეშვილი, ამის შემდეგ კი სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცა რამდენიმე კონფესიის წარმომადგენელს.

 

თეა გოგოტიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მედია ადამიანზე:

 

“მედია ძირითადად დესტრუქციულ სკანდალზეა ორიენტირებული, ამიტომ არის რისკი, რომ მედიამ დაანგრიოს, თავისდაუნებურად დააკარგინოს ადამიანის იდენტობა” , – განაცხადა გოგოტიშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში გაზრდილია ადამიანების აგრესია, რაც დიდწილად მედიის დამსახურებაა:

 

“სოციალურ ქსელებშიც ჩანს, რომ დღეს საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით აგრესიის კოეფიციენტმი ზედა შკალას გადაცილებულია და ეს სწორედ მედიის მუშაობას შეიძლება დავუკავშიროთ”, – აცხადებს გოგოტიშვილი.

 

დეკანოზმა ლევან მათეშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მედია დღეს რელიგიას ადამიანის დამონების ინსტრუმენტად წარმოადგენს, ასევე განაცხადა, რომ მედიასა და ეკლესიას შორის დამოკიდებულება მანამდე არ შეიცვლება, სანამ კონკრეტული ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ჟურნალისტების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი არ უგულისხმია:

 

“რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაზე არ არის საუბარი, საუბარია მორალურ პასუხისმგებლობაზე, სხვა ჩვენ ვერანაირ მოთხოვნას ვერ დავაყენებთ, ცხადია. რაც შეეხება კრიტიკას, მედიის მხრიდან კრიტიკა ციდან ჩამოვარდნილი არ არის, რა თქმა უნდა, შეიძლება სიძულვილის ენაც ჟღერდებს სასულიერო პირების მხრიდან, მაგრამ ეს არის ცალკეული ადამიანების განცხადებები და მთლიანად ინსტიტუტის გაკრიტიკება ამის გამო არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა დეკანოზმა ლევან მათეშვილმა.

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხმა რამინ იგიდოვმა განაცხადა, რომ რელიგიაში არსებობენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ხშირად ჩირქს ცხებენ ამა თუ იმ კონფესიას:

 

“ეს რომ არ მოხდეს, მედიას მოვუწოდებთ, მეტი ყურადღებით და ობიექტურობით გააშუქოს ესა თუ ის საკითხი”, – განაცხადა შეიხმა.

 

ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება მთელი პასუხისმგებლობის მედიაზე გადატანას:

 

“ის, რომ თურმე შუღლი ღვივდება რელიგიური თვალსაზრისით, ყველაფერი ყოფილა თურმე მედიის ბრალი, რა თქმა უნდა, ამას გადაჭარბებულად მივიჩნევ”, – აცხადებს რუსუდან გოცირიძე. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა ნამდვილად არის ის, რომ რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა ნაკლებად შუქდება:

 

“დღეს გაცილებით უფრო მეტი პრეტენზია იყო გამოთქმული იმაზე, რომ თურმე რელიგიური უმრავლესობის მდგომარეობა არ არის ჯეროვნად ასახული მედიაში, მაშინ, როცა თუკი რამე არის ნაკლოვანი, ეს არის რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის ასახვა, თუკი ვინმეს სცემენ, აუცილებლად ყველა კამერა იქ იქნება, მაგრამ თუკი რამე პოზიტიური ხდება, ამის გაშუქების გამბედაობაც არ არის მედიაში”, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

  

რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ კარგი იქნება, თუ ყველა მედიასაშუალებას ეყოლება ჟურნალისტი, რომელიც რელიგიურ თემებზე იმუშავებს, რადგან ასეთი ჟურნალისტები ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ და ნეგატიურთან ერთად პოზიტიურ მოვლენებსაც გააშუქებენ.

 

შეხვედრაზე ოფიციალურად მიწვეული არ ყოფილან მედიის წარმომადგენლები, ამიტომ ისინი არ იყვნენ გამომსვლელთა შორის, თუმცა გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა. მან რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს განუმარტა, რომ მედიასაშუალებებს ფინანსური რესურსი შესაძლოა ხელს არ უწყობდეთ იმისთვის, რომ რელიგიური თემების გასაშუქებლად ცალკე ჟურნალისტი აიყვანონ. ზურიაშვილმა მოუწოდა მათ, განსაკუთრებით კი საპატრიარქოს, რომ თავად დანიშნონ პირი, რომელიც ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. ზურიაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოსგან ინფორმაციის მიღება ჟურნალისტებს განსაკუთრებულად უჭირთ.

 

ნინო ზურიაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ბრალდებები გაჟღერდა მედიის მიმართ, თუმცა კონკრეტული ფაქტები წარმოდგენილი არ ყოფილა, მან სთხოვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, რომ თუკი არსებობს კონკრეტული სტატია ან სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტმა ვინმეს რელიგიური გრძნობები შეურაცხყო, მიმართონ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ან კონკრეტული ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს.


მასალების გადაბეჭდვის წესი