ახალი ამბები

ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ დანაშაულის თანამონაწილეები არიან – კობახიძე

26 სექტემბერი, 2018 • 2765
ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ დანაშაულის თანამონაწილეები არიან – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ფარულ ჩანაწერებში ფიგურანტ პირებს “ქართულ ოცნებასთან” არანაირი კავშირი არ აქვთ.

“მუდმივად ვხედავთ გარკვეულ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს ორ-ორი ადამიანი და იმ ორიდან არცერთს არანაირი შეხება არ აქვს “ქართულ ოცნებასთან”. რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი?! ოქუაშვილი ელაპარაკება ვიღაც ადამიანებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომელთაგან არცერთს არ აქვს შეხება “ქართულ ოცნებასთან”, – განაცხადა კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.

წამყვანის რეპლიკის საპასუხოდ, რომ ლევან ყიფიანი “ქართული ოცნების” დამფუძნებელია და მინისტრიც იყო, კობახიძემ თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” 3 000-მდე დამფუძნებელი ჰყავს.

“ვინ არის ირაკლი ჩუბინიშვილი? ვინ არის ლევან ყოფიანი? მინისტრი იყო 1917 წელს, მაგრამ მის მერე ერთი საუკუნე გავიდა. არანაირი შეხება არ აქვს მას პარტიასთან და პარტიის ფონდთან მას შემდეგ, რაც მინისტრი არ არის”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად დაინტერესებულია ამ საქმის გამოძიებით. ამ კონტექსტში კობახიძე აქცენტს ზაზა ოქუაშვილის შესაძლო ბრალეულობაზე აკეთებს.

“როცა ოქუაშვილი ლაპარაკობს, პრაქტიკულად, იქ თავის დანაშაულზეც საუბრობს. გავარკვიოთ, რა დანაშაული ჩაუდენია ოქუაშვილს, როცა ფულს უხდიდა ვიღაცას. ყველა უნდა დავიჭიროთ – ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ ისინი დანაშაულის თანამონაწილეები არიან. გამოდის, რომ ოქუაშვილი თავის თავზე ამბობს, რომ ვიღაცებს ფულს აძლევდა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაშინ ისიც დასაჭერი ყოფილა”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ აინტერესებს, დაჭერილი იქნება თუ არა ზაზა ოქუაშვილი, მაგრამ ქრთამის მიცემა დანაშაულია და თუ ერთი ადამიანი მეორეს ქრთამს აძლევდა, ორივე დასაჭერია.

ირაკლი კობახიძე სასაცილოდ და შეთითხნილად მიიჩნევს მედიით გასაჯაროებულ ჩანაწერებს, სადაც შესაძლო კორუფციული სქემები იკვეთება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იგივეა, მან და ინგა გრიგოლიამ ჩაწერონ, რომ ფულს ურიცხავდნენ დონალდ ტრამპს ან ანგელა მერკელს, მაგრამ ეს აბსურდი ვერ იქნება სკანდალი აშშ-ის პრეზიდენტისთვის ან გერმანიის კანცლერისთვის.

“სულ ფეხზე ჰკიდია ანგელა მერკელს ეს სკანდალი, ჰიპოთეტურად ვამბობ და ასევე, არანაირად არ გვაინტერესებს ჩვენ ორი ბიზნესმენი, ვიღაც ჩუბინიშვილი და ვიღაც სხვა, რას ამბობენ ერთმანეთზე”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არანაირიი ინტერესი არ აქვს ტელეკომპანია “იბერიის” მიმართ.

“იბერიაზე” ათჯერ მეტი რეიტინგის მქონე ტელევიზიას დავაფუძნებთ და ავამუშავებთ ხვალვე, მაგრამ 2012 წელს რომ მიიღო ჩვენმა ლიდერმა გადაწყვეტილება, რომ მეცხრე არხიც უნდა დაეხურა, იმის მერე ხელს არ ვკიდებთ ტელევიზიას”, – დასძინა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ საუბარში, სავარაუდოდ, ყიფიანი ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2″-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პრობლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, მათი ფინანსური პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

ლევან ყიფიანმა გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი