დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ერევანში შეიკრიბებიან

8 აპრილს ერევანში დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები საჰაერო თავდაცვის საკითხების განსახილველად საკოორდინაციო კომიტეტის სხდომას გამართავენ

როგორც news.am იუწყება, დელეგაციაში იქნებიან რუსეთის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.

 

საკოორდინაციო სხდომაზე, რომელიც პირველად არ იმართება, განიხილავენ ერთობლივ და ორმხრივ ოპერატიულ და საბრძოლო მომზადების საერთო სისტემებს და 2014 წლის პრიორიტეტულ საკითხებს, ასევე, ჩასატარებელ კვლევებს საჰაერო თავდაცვის სფეროში.

 

დსთ-ს საჰაერო თავდაცვის საკოორდინაციო კომიტეტი აღნიშნული ქვეყნებით 1995 წელს დაკომპლექტდა. მათ შორის არის უკრაინა, თუმცა ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც სომხეთში დაგეგმილ სხდომას დაესწრებიან, უკრაინა არ ფიგურირებს.


2013 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა ბელორუსთან და სომხეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემის ფორმირებაზე იმუშაოს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი