ახალი ამბები

მთავარი პროკურორის მოადგილე თათუხაშვილის საქმეზე დამატებით კითხვებს პასუხობს

2 აპრილი, 2014 •
მთავარი პროკურორის მოადგილე თათუხაშვილის საქმეზე დამატებით კითხვებს პასუხობს

“ადვოკატი ბევრ რამეს აცხადებს, ფალსიფიცირებებზე, წამებაზე და სხვა უკანონო ქმედებაზე, და მისი განცხადებები არის სრულიად უსაფუძვლო და არღვევს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას. ადვოკატის განცხადებებზე განმარტებების გაკეთება ჩემი მხრიდან არასწორად მიმაჩნია,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

კითხვაზე, მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვაზე რატომ არ არის თათუხაშვილის ხელმოწერა, შოთაძე ამბობს: 

 

“პროცესუალურად, არ არის ოქმზე დასაცავი პირის ხელმოწერის აუცილებლობა, ვინაიდან ეს არის საჯარო ოქმი, და დაცვის სპეციალური ღონისძიება არის საიდუმლო ღონისძიება და ამ ოქმის უკან არის მთელი რიგი საიდუმლო პროცესუალური დოკუმენტები, რომლებიც საზოგადოებისთვის საჯარო ვერ გახდება. მის დაკითხვას ესწრებოდა ორი ადვოკატი, რომელთაგან ერთ-ერთი არის მისი ნათესავი. ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ, ადასტურებენ, რომ დაცვა მას დაენიშნა მისი საკუთარი მოთხოვნით. ვინაიდან მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.


ოჯახის წევრები რამდენჯერმე იყვნენ დაბარებული პროკურატურაში, მაგრამ რატომღაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას. ჩემი აზრით, ამის უკან იმ პირების ზეგავლენაა, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში, რომელიც მიმართულია პროკურატურის წინააღმდეგ. რაც შეეხება იარაღის ქვეშ მუქარით მიცემულ ჩვენებას, თქვენ კარგად ნახეთ ჩანაწერებში თათუხაშვილის ქმედებები. კონკრეტულად 18 მარტს, როდესაც ადვოკატები აცხადებენ, რომ პიროვნებას იარაღის მუქარით დააწერინეს ჩვენება, ცივწყლიან ტაშტში ჩააყოფინეს თავი, ყურთან გაუსროლეს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, თქვენ ამ ჩანაწერებში შეატყვეთ ამ ადამიანს, რომ ასეთი წამება აქვს გამოვლილი? წამების მსგავსი შეამჩნიეთ ამ პირის ქმედებებში? მე, მაგალითად, ვერ შევამჩნიე,”- გაანცხადა შოთაძემ. 

 

რაც შეეხება საკითხს, არიან თუ არა ძნელაშვილი და გილაური აღნიშნული საქმის გამომძიებლები, შოთაძე აცხადებს:

 

“მთავარი პროკურატურა მკაცრად დასჯის მისი თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის ფაქტს, არათუ წამების ფაქტს, რისთვისაც პროკურატურაში არსებობს შესაბამისი დანაყოფი, რაც არის საქართველოს გენერალური პროკურატურის გენინსპექცია, რომელიც იძიებს ამ საქმეს და არა გილაური და ძნელაშვილი. ძნელაშვილი აწარმოებს დათა ახალაიას ბრალდების საქმეზე და ბაჩო ახალაიას ბრალდების საქმეზე გამოძიებას, სწორედ ამიტომ გახდა ის ასეთი დარტყმების ქვეშ. ეს ერთ-ერთი მიზეზია. ლოგიკურია, ამ გამომძიებლის მიმართ არსებობს გარკვეულ წრეებში სერიოზული აგრესია. ამ საქმეში, კონკრეტულად, გამომძიებელი არის ბენდელიანი.”

 

საქმეში საერთაშორისო ექსპერტების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით კი აცხადებს: 

 

“ჯერ დაველოდოთ ადგილობრივი ექსპერტების დასკვნას და მერე დავაყენოთ რამე ეჭვქვეშ, თუ რამე იქნება ეჭვქვეშ დასაყენებელი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი