როგორც დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახა კოჟორემ განაცხადა, 17 პირიდან 16 ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, მათი ნაწილი აცხადებს, რომ ციხეში იმ დანაშაულისთვის ზის, რომელიც არ ჩაუდენია.
“რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 17–დან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაზეა დაწყებული გამოძიება, თუმცა გამოძიების დაწყებაც არ ნიშნავს იმას, რომ სათანადო რეაგირება მოხდა. საჭიროა ყველა ფაქტზე დადგინდეს, ნამდვილად მოხდა თუ არა დანაშაული, და თუ მოხდა, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. საიას ასეთი ფაქტები არაერთხელ გაუსაჯაროებია, თუმცა დღემდე არც ერთ ფაქტზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.
ჩვიდმეტივე პირს, რომლებიც მათ წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ, საიას იურისტები პირადად შეხვდნენ და ახსნა–განარტებები ჩამოართვეს.
ერთ–ერთი პირი აცხადებს, რომ მას სთხოვდნენ ყაჩაღობაში თანამონაწილეობა დაებრალებინა და ამ მოთხოვნით ფიზიკურად გაუსწორდნენ:
“მცემდნენ თავის, ტანის და ფეხების არეში, ვგრძნობდი, რომ მირტყამდნენ მკვრივ საგანს, სავარაუდოდ, ხელჯოხს. თავზე ასევე ჩამომაფარეს ცელოფანი, რომ სუნთქვა შემკვროდა, ცელოფანი მომხსნეს რამდენიმე წამში, მას შემდეგ, რაც გავხდი ცუდად”, – აცხადებს ს.ს. რომელიც ამჟამად სასჯელს #8 დაწესებულებაში იხდის.
მსჯავრდებული ხ.ს.–ს ჩვენებაში ვკითხულობთ:
“2014 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე საკანში მოგვაკითხეს მოადგილეებმა და გვითხრესს, რომ უფროსს სურდა ჩვენთან გასაუბრება. მე დავემორჩილე და გავყევი მათ, ასევე სხვა საკნებიდან გამოიყვანეს ზ.ბ; მ.ი; ვ.მ; ზ.ს; და ზ.გ. შევედით თუ არა ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე, მომიახლოვდა ერთი ნიღბიანი პიროვნება (სპეცრაზმელი), მან და რამოდენიმე მისნაირმა ნიღბიანმა პიროვნებამ დამაგდეს ძირს, უკან შემიკრეს ხელბორკილებით ხელები და დამიწყეს ცემა, რის შემდეგაც, დავარდნის დროს სახე დავარტყი ბეტონს და ცხვირიდან წამომივიდა სისხლი. მაქვს მრავლობითი დაზიანება და ტკივილები, აღნიშნული ცემა გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთი”, – ვკითხულობთ დ.ხ–ს ახსნა-განმარტებაში, რომელიც სასჯელს #6 დაწესებულებაში იხდის.
17–დან ერთ–ერთი პირი ი.ქ. რომელიც ამჟამად დაკავებული არ არის, აცხადებს, რომ მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და პატრულის ეკიპაჟის ნომერსაც ასახელებს.
ის აცხადებს, რომ 2014 წლის 15 მარტს თბილისში, საპატრულო პოლიციის მანქანიდან, რომლის ნომერიც იყო KCK – 636, გადმოვიდა ორი პოლიციელი, მათ მისთვის გაუგებარი მიზეზით მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, დაადეს ხელბორკილები, ურტყამდნენ თავისა და სახის არეში, ასევე, კიდურებში, ურტყამდნენ როგორც ხელით, ასევე, რკინის ხელკეტით. მისივე თქმით, პოლიციელები მისი გაგუდვის იმიტირებას შეეცადნენ.
როდესაც ი.ქ. დროებითი მოთავსების იზოლატორში მიიყვანეს, მას გარეგნული დათვალიერება ჩაუტარდა, დათვალიერების ოქმში ვკითხულობთ, რომ მას აღენიშნებოდა:
“ნაჭდევი ყელზე, მარცხენა ყურის უკან ნაკაწრები ორივე მხარეს, მარცხენა მუხლზე მცირე ზომის სილურჯე, მარჯვენა მხარზე- სილურჯეები”
როგორც მისი ადვოკატი მიხეილ ღოღაძე აცხადებს, ი.ქ.–ს ექსპერტიზაც ჩაუტარდა:
“ის დააკავეს სრულიად უმიზეზოდ და გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნარკოტიკების სავარაუდო მოხმარების გამო. ერთი ღამის გათენება მოუწია იზოლატორში, შემდეგ გამოუშვეს. ნარკოტიკების მომხმარებელი რომც ყოფილიყო, ფიზიკურ ზეწოლას პოლიციელების მხრიდან ეს არ ამართლებს, ფიზიკური დაზიანება კი მას გარეგნულადაც აღენიშნებოდა. ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც უახლოეს ხანებში იქნება. გამოძიებას გენინსპექცია აწარმოებს პროკურატურის ზედამხედველობით და იმედი გვაქვს, სათანადო რეაგირება იქნება”, – აცხადებს ადვოკატი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს პროკურატურას, ობიექტურდ აწარმოოს გამოძიება ყველა მსგავს ფაქტზე. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პროკურატურასაც
“საქმეზე, რომელიც შემოდის პროკურატურაში, როდესაც შეისწავლიან და დანაშაულის ნიშნები აღმოჩნდება, ყველა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თუკი რაიმე პრეტენზია არსებობს, მოგვაწოდეთ კონკრეტული საქმის ნომერი, სახელი, გვარი და გავარკვევთ”, – აცხადებენ პროკურატურაში.





