ახალი ამბები

ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფრში მგელმა გვირაბი გათხარა და გაიპარა

24 სექტემბერი, 2018 • 13604
ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფრში მგელმა გვირაბი გათხარა და გაიპარა

გუშინ, 23 სექტემბერს, დილით ცხვარიჭამიის დათვების ნაკრძალ-თავშესაფრის ელექტროღობის ქვეშ მგელმა გვირაბი გათხარა და გაიპარა. მგელს, სახელად სერი, მესამე დღეა ეძებენ, თუმცა მისი პოვნის იმედი ნაკლებად აქვთ.

მგელი – სერი

ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის გვერდმა. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ეს მგელი ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში 3 დღის წინ ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან მიიყვანეს.

მგელს სახელად სერი ჰქვია და 1.4 წლისაა. ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფრის დამფუძნებლის, სოსო ჯიქურიშვილის ინფორმაციით, ის ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის. მისი თქმით, სავარაუდოდ, სერი საბუდარას ტყეში არ გაჩერდება, რადგან ასაკიდან გამომდინარე ეცდება მეწყვილის პოვნას.

ჯიქურაშვილის თქმით, თავშესაფარში მგელი აქამდე არასდროს ჰყოლიათ, ხოლო ვოლიერი, სადაიდანაც მგელი გაიპარა, დათვისთვის იყო განკუთვნილი.

თუ შეამჩნევთ მგელს, დარეკეთ:

  • გარემოს დაცვის ცხელი ხაზი – 153
  • სოსო – 555 38 33 66

მგლის ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. სოსო ჯიქურაშვილის ინფორმაციით, სერის ყოფილი მეპატრონე ბრაკონიერობისთვის დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ თავად მიაწოდა გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაცია.

როგორც ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე ამბობს, ყველა ბრაკონიერი ყვება, თითქოს მგლის ლეკვი ან დათვის ბელი ახლობელმა აჩუქა გასაზრდელად, ან ცხოველები საკუთარი სურვილით მივიდნენ მათთან, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელია. სოსო ჯიქურაშვილის თქმით, ბრაკონიერები ხოცავენ დედა დათვებს, მგლებსა და სხვა ცხოველებს, ხოლო უმწეო მდგომარეობაში მყოფი მათი ნაშიერები მიჰყავთ სახლში ან პირდაპირ ხაფანგებით იჭერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი