ახალი ამბები

წყალტუბოს ბაგა-ბაღებში მოწამლული 25 ბავშვიდან 11 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს

22 სექტემბერი, 2018 • 3773
წყალტუბოს ბაგა-ბაღებში მოწამლული 25 ბავშვიდან 11 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის საბავშვო ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ. როგორც ნეტგაზეთს საავადმყოფოში განუცხადეს, 25 მოწამლული ბავშვიდან 11 სტაციონარულ მკურნალობაზე რჩება, თუმცა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “მედიქალსიტის” ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნუგზარ მაღლაკელიძეს. მისი თქმით, ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ მოწამვლის სიმპტომები აღარ აღენიშნებათ. “მედიქალსიტი” სწორედ ის საავადმყოფოა, სადაც მოწამლული ბავშვები მკურნალობას აგრძელებენ.

“11 ბავშვი აგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას, დანარჩენი კი ოჯახის ექიმი მეთვალყურეობის ქვეშ გავწერეთ. მძიმე მდგომარეობა არც ერთ ბავშვს არ ჰქონდა, ახლა ყველა მათგანი უკეთესადაა და მათაც ,სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გავწერთ.

ჯერჯერობით უცნობია, რას შეეძლო გამოეწვია ეს, თუმცა, ვვარაუდობთ, რომ ეს კვებითი ინტოქსიკაცია იყო. რაც შეეხება სიმპტომებს, ბავშვებს აღენიშნებოდათ ღებინება, კუჭში ხშირი გასვლები და მაღალი ტემპერატურა,” – ამბობს მაღლაკელიძე.

რაც შეეხება გამოძიებას, როგორც შსს-მ ნეტგაზეთს უთხრა, აღნიშნულ ფაქტს უწყება უკვე სწავლობს და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მათ შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი