განცხადებაში ნათქვამია, რომ თანაინვესტირების ფონდი პროექტის განხორციელებას სავარაუდოდ თბილისის ისტორიულ ნაწილში გეგმავს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცენტრაცია დიდია:
“ამ დრომედე უცნობია პროექტის შესაბამისობა კულტურულ მემკვიდრეობასთან. ამასთან, ინფორმაციის ის მცირე ნაწილი, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არ ემსახურება კულტურული მემკვიდრეობისთვის, როგორც ღირებულებისთვის, უპირატესობის მინიჭებას. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღემდე არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი. ასევე, თბილისს, როგორც ქალაქს, არ აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ ფონზე ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიც „პანორმა თბილისია“, ეჭვის ქვეშ აყენებს კულტურული მემკვდირეობის სათანადოდ დაცვის შესაძლებლობას”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
მათივე განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ თანაინვესტირების ფონდი კერძო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს, კერძო ფინანსების ხარჯვამ შესაძლოა პროექტის გამჭვირვალობა და საჯაროობა მნიშვნელოვნად შეამციროს.
“ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ინვესტიციებს და ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა გვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე, თბილისის თვითმმართველობამ ყველაფერი უნდა იღონონ საიმისოდ, რომ ინვესტიციების და ეკონომიკური ინტერესის სახელით არ მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ხელჰყოფა, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და სახელწმიფოს მხრიდან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს”, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
საია და “ტფილისის ჰამქარი” მიმართავენ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, მხედველობაში მიიღოს „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა და გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება პირთა ფართო წრის ინტერსს ეხება, შესაძლოა გამოყენებული იქნეს საჯარო ადმნისტრაციული წარმოება:
“ადმინისტრაციული წარმოების საჯარო წესით ჩატარება, ერთი მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მაღალ გამჭვირვალობას, ხოლო, მეორე მხრივ, ყველა დაინტერესებული პირის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.