ახალი ამბები

წიკლაური: ჩემზე თავდასხმა თათუხაშვილის საქმეს უკავშირდება

31 მარტი, 2014 •
წიკლაური: ჩემზე თავდასხმა თათუხაშვილის საქმეს უკავშირდება

“ჯერჯერობით გამოძიებამ მიიღო მხოლოდ ჩემი დაკითხვის ოქმი. ეს არის, რაც მე მოვყევი, დეტალურად აღვწერე თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. რვა ადამიანი დამესხა თავს ყოველგვარი საუბრის გარეშე. მათი მთავარი ამოცანა იყო მანქანაში როგორმე შეტენვა, რა დროსაც გამოიყენეს ელექტროშოკი, იმიტომ, რომ ჩემი მხრიდანაც იყო დიდი წინააღმდეგობა და დაახლოებით ორი წუთის ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთმა მეზობელმა, მეორე სართულზე მცხოვრებმა, გაიგონა ეს ხმაური, გადმოიხედა და მისი ყვირილის შემდეგ გაიქცნენ ეს ადამიანები. მათ ჰქონდათ სახეები დაფარული. ისინი საერთოდ ხმას არ იღებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. როდესაც მანქანაში ვერ ჩამაგდეს ვერაფრით, ამ დროს ერთის ხმა გავიგონე, რომელმაც უთხრა, რომ ვერ ვტენით მანქანაში, ელექტროშოკი. ამ სიტყვების გაგონებიდან რამდენიმე წამში ჯერ თავის არეში დარტყმა ვიგრძენი, შემდეგ მარჯვენა ფეხის არეში, რაც აგრეთვე ეს დაზიანებები არსებობს ახლა”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა დღეს, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ. 

 

წიკლაურის განცხადებით, თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ, ყველას ეცვა შავი ქურთუკი და ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად. პარლამენტარის თქმით, მას აქვს ტვინის შერყევა, შიდა ქალის ტრავმა, ორივე მუხლი მძიმე მდგომარეობაში აქვს, ხელებზე და სახეზე – დაზიანებები. წიკლაურმა დღესვე სამედიცინო ექსპერტიზა გაიარა. 

 

“ჩემთვის სავსებით ნათელია, რომ ეს უკავშირდება ჩემს გუშინწინდელ გამოსვლას “რუსთავი 2-ის” ეთერში თათუხაშვილების საქმეზე, სადაც ვახსენე კონკრეტული ადამიანები, ოჯახის მიერ მოწოდებული გვარები, ვინც აწამებდა და სიკვდილამდე მიიყვანა თათუხაშვილი. ესენია ძნელაშვილი, გილაური და მათი ფაქტობრივი მმართველი ფარცხალაძე”,- განაცხადა წიკლაურმა.

 

ნუგზარ წიკლაურის თქმით, 31 მარტს გამთენიისას, 3 საათზე  დაბრუნდა სახლში. სახლთან მას დახვდა 3 მანქანა, რომელშიც დაახლოებით 7-8 ადამიანი იჯდა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე დაესხნენ ეს პირები თავს და დაუწყეს ცემა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო ის იძულებით ჩაესვათ მანქანაში.

 

წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკი გამოიყენეს. თავდასხმის შემდეგ წიკლაური საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი