საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებენ, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა შესაძლოა შეიცავდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშNებს.
არასამთავრობო ორგნიზაციები მიიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და საკვანძო როლს ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით, ხოლო თუ მისი წევრები არ იქნებიან დაცული ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისგან, დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ ფუნქციას პარლამენტი ეფექტიანად ვერ შეასრულებს.
არასამთავრობოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად გამოიძიოს პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა, რათა გაფანტოს ყოველგვარი ეჭვს მომხდარი ფაქტის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, 31 მარტს გამთენიისას, 3 საათზე დაბრუნდა სახლში. სახლთან მას დახვდა 3 მანქანა, რომელშიც დაახლოებით 7-8 ადამიანი იჯდა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე დაესხნენ ეს პირები თავს და დაუწყეს ცემა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ მათი მიზანი იყო ის იძულებით ჩაესვათ მანქანაში.
წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკი გამოიყენეს. თავდასხმის შემდეგ წიკლაური საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.