თურქეთის დროშა და მტრედები. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

უცხოელებისთვის თურქეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა. ლირის კრიზისის ფონზე, პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, მოთხოვნები მნიშვნელოვნად შემცირდა საინვესტიციო და ფინანსურ ნაწილში, რომლებიც მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმებად განიხილება.

გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, მოქალაქეობის მსურველთათვის თურქეთში მქონე კაპიტალის ფიქსირებული ოდენობა ამ დრომდე შეადგენდა $2 მილიონს. ახალი კანონმდებლობით, თანხის რაოდენობა $500 000–მდე შემცირდა.

თურქეთის მოქალაქეობის მიღების კიდევ ერთი გზა ქვეყანაში $1 მილიონის ღირებულების უძრავი ქონების ფლობა იყო. 19 სექტემბრის ბრძანებით, ციფრი $250 000–მდე შემცირდა.

დამსაქმებელს, რომელსაც თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს, აქამდე მინიმუმ 100 ადამიანი უნდა ჰყოლოდა დასაქმებული. ამიერიდან, ამისთვის 50 დასაქმებულიც საკმარისი იქნება.

$3 მილიონიდან $500 000–მდე დაეცა თურქეთის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ლიმიტიც, რომელიც მოქალაქეობის მისაღებადაა საჭირო.

Reuters-ის ცნობით, ახალი რეგულაციებით, უცხოელს შეუძლია, თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი შეიტანოს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთს მაინც აკმაყოფილებს.

თურქეთის მთავრობამ აღნიშნული ზომები ინვესტიციათა რაოდენობის გასაუმჯობესებლად, ლირის 40 %–იანი გაუფასურების ფონზე მიიღო. რთული ეკონომიკური ვითარებისა და აშშ–ის სანქციების ფონზე, ქვეყნის ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ პერიოდულად ისევ უფასურდება.