ახალი ამბები

გაიზრდება თუ არა ელ.ენერგიის ფასი ჰესების გამო? – რას წერენ მსოფლიო ბანკის ექსპრეტები

20 სექტემბერი, 2018 • 3144
გაიზრდება თუ არა ელ.ენერგიის ფასი ჰესების გამო? – რას წერენ მსოფლიო ბანკის ექსპრეტები

“მწვანე ალტერნატივის” ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით, საქართველოში ზოგიერთი ჰესის მშენებლობამ, შესაძლოა, მომავალში გაზარდოს ელ.ენერგიის ტარიფი. ეკონომიკის სამინისტროში ამ ცნობას არ ადასტურებენ.

აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო ბანკის განმარტებით, მისი ექსპერტების მიერაა მომზადებული, მაგრამ შესაძლოა ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავდეს, მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა.

“მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი ნეტგაზეთთან საუბრობს ანალიზის შესახებ:

როგორც ჭიპაშვილი განმარტავს, ფინანსთა სამინისტროს თხოვნით, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ეს ანალიზი შარშან წარადგინეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნის შემდეგ. როგორც ჭიპაშვილი განმარტავს, დოკუმენტი 2018 წლის თებერვლით თარიღდება, თუმცა სამინისტრომ ის არ შეიმჩნია.

მისი თქმით, ამ დოკუმენტში, ერთი მხრივ, ზოგადად ელექტროენერგიაზე ქვეყნის მოთხოვნის ზრდის ტენდენციებია შეფასებული, ხოლო, მეორე მხრივ – სამი ჰესის:  ნენსკრას, ნამახვანისა და კორომხეთის – გამომუშავება.

“დოკუმენტში შეფასებულია რამდენი ელ. ენერგია გვჭირდება და რამდენი გვრჩება ე.წ. ჭარბად, რა ფისკალურ დანახარჯებს შეიცავს ის. ასევე გააანალიზებული არის  საექსპორტო შესაძლებლობები და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული ფასები. აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნის ფასები არის კლებადი და ჩვენთან – მზარდი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ვიტყვით, რომ ჭარბ ენერგიას ექსპორტზე გავიტანთ, ამ ანალიზიდან ჩანს, რომ ეს ვერ მოხერხდება, ვინაიდან ეს ენერგია არის ძვირი და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ელ. ენერგია დღეს ჩვენზე იაფია,” – ამბობს დავით ჭიპაშვილი. 

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, იმას, რომ ქართული მხარე ექსპორტზე ვერ გაიტანს ენერგიას იმ ფასში, რა ფასიც ინვესტორებს ამ ჰიდროელექტროსადგურების აშენება უჯდებათ.

“ამიტომაც არის გაფორმებული ეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები მთავრობის მიერ.. ჩვენი შიდა მოხმარებისთვის გამომუშავებული ენერგია იქნება ბევრი, მაგრამ ვალდებულებებით დატვირთული, ანუ მისი შესყიდვა ჩვენ მოგვიწევს მაღალ ტარიფად,” – განმარტავს დავით ჭიპაშვილი.

გარდა ამისა, მისივე განმარტებით, დოკუმენტში განხილულია სხვადასხვა სცენარები: როგორი იქნება ზრდა, რა წილი ექნებათ ამაში ახალ სადგურებს. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ელ. ენერგიის ფასი დაახლოებით 12.5 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

“მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან ოპტიმისტური სცენარი არის ის , რომ თუ მოვახერხებთ და მომავალში ექსპორტზე ელექტროენერგიის დაახლოებით 85%-ს გავიტანთ, მაშინ შეიძლება ცოტათი დაბალი იყოს ეს ფასი. მაგრამ ყველაზე რეალისტურია ის 22.7 თეთრი, რაც წერია, იმიტომ, რომ ეს არის ზუსტად ის შეფასება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ნამდვილად ვერ გავიტანთ ექსპორტზე ელ. ენერგიას”.

ჭიპაშვილის სიტყვებით, სწორედ იმის გამო, რომ ელ. ენერგიის ექსპორტი შეუძლებელი გახდება, ხოლო ინვესტორისთვის ფული აუცილებლად გადასახდელი იქნება, სახელმწიფოს მოუწევს ამ თანხის ან ტარიფებში ასახვა, ან ბიუჯეტიდან აღება.

“ნებისმიერ შემთხვევაში იხდის ხალხი, ოღონდ, სხვადსხვა ფორმით,” – განმარტავს დავით ჭიპაშვილი.

ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება. ამ ინფორმაციას ისინი სიცრუეს უწოდებენ.

სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ანალიზი არაფერია, თუ არა სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები.

“რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს – ფისკალურ ანალიზს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მასშტაბურია უცხოელი ინვესტორებისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს. შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა,” – ამბობს ეკონომიკის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი