ახალი ამბები

ომბუდსმენი: განსხვავებული მრწამსის მქონე მოსწავლეები ძალადობისაგან დაუცველნი არიან

31 მარტი, 2014 •
ომბუდსმენი: განსხვავებული მრწამსის მქონე მოსწავლეები ძალადობისაგან დაუცველნი არიან

“სკოლაში რელიგიური თვალსაზრისით დისკრიმინაციული კლიმატი და დახურული სივრცე წარმოშობს პრობლემის გასაჯაროების საფრთხის განცდას თავად უმცირესობათა წარმომადგენლებში. ეს გარემოება უნდა იყოს იმის მთავარი მიზეზი, რომ საჯარო სკოლებში არსებული რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ განცხადებების რაოდენობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მინიმალურია.  მშობლები და მოსწავლეები ერიდებიან მათ მიმართ დისკრიმინაციის შესახებ საჯაროდ საუბარს”, –ნათქვამია ანგარიშში და ჩუმლაყის საჯარო სკოლაში დაფიქსირებული შემთხვევაა მოყვანილი:

“საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა გ.მ-მ, მისი შვილის მ.მ.-ს მიმართ ჩუმლაყის საჯარო სკოლაში განხორციელებულ დისკრიმინაციის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს არასრულწლოვან მ.მ.-ს მშობლებს, ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორს. მ.მ.-ს დედის განმარტებით, მისი ოჯახი ევანგელურ-ბაპტისტური სარწმუნოების აღმსარებელია. გ.მ. და თ.მ. მიუთითებდნენ, რომ მათ შვილს კლასის ხელმძღვანელი – ლ.უ. ხშირად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ოჯახი მასწავლებლის ამგვარ დამოკიდებულებას მათ რელიგიურ აღმსარებლობას უკავშირებდა. ამასთან, მოსწავლეს ხშირად მოუწოდებდა, მონათლულიყო მართლმადიდებლური წესით. დედამ ასევე განმარტა, რომ მას მსგავსი პრეტენზია არ ჰქონდა სკოლის სხვა მასწავლებლების მიმართ. თ.მ.-ს განმარტებით, 2013 წლის 16 ოქტომბერს მ.მ.-ს მუსიკის მასწავლებელმა მ.ს.-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტის შემდეგ მ.მ.-ს 2 კვირის განმავლობაში სკოლაში აღარ უვლია. ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანი პარალელურ კლასში გადაიყვანეს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა – ლ. უ.-მ და მ. ს.-მ უარყვეს მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. თუმცა კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლის ოჯახს „სექტის“ მიმდევარი უწოდა. საუბარში ორივე პედაგოგმა აღნიშნა, რომ ისინი არ ახდენენ ბავშვების დიფერენციაციას მათი რელიგიური შეხედულებების მიხედვით. მათ ჰყავთ სხვა მოსწავლეებიც, რომლებიც ასევე არ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები და ეს ფაქტი არანაირ გავლენას არ ახდენს მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულებაზე”, – ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია რეაგირებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუგზავნა.

“მიღებული კორესპონდენციებით გვეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლას შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მითითება მისცა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი