ახალი ამბები

1 აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება იწყება

31 მარტი, 2014 •
1 აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება იწყება

360 ლარს დაიბრუნებს ყველა ის მოქალაქე, რომლებმაც გასულ წელს ხელფასის სახით ხელზე აიღეს 1800-დან 4800 ლარამდე (არ აქვს მნიშვნელობა, მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდით და აიღეთ ეს ხელფასი, თუ მხოლოდ რამდენიმე თვეში);

 

მას, ვისაც ხელზე აღებული აქვს 1800 ლარზე ნაკლები, მას თანხა დაუბრუნდება შესაბამისად 360 ლარზე ნაკლები (მაგალითად, თუ შარშან მთლიანობაში ხელფასი აიღეთ 1600 ლარი ხელზე, უკან დაგიბრუნდებათ 320 ლარი);

 

 რა უნდა გავაკეთოთ დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად:

 

1 აპრილიდან, მოქალაქე:

 

ა) სახლიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: www.rs.ge განთავსებულ შესაბამის ფორმაში მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის (ანგარიშის ნომრის) მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ. დეკლარაციის შევსება და გაგზავნა უკვე ითვლება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნად;

 

ბ) მოქალაქეს ასევე შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს (თან იქონიეთ პირადობის მოწმობა და თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც უნდა დაგერიცხოთ თანხა). მოქალაქეს სერვისცენტრში შეავსებინებენ შესაბამის დეკლარაციას თანხის დაბრუნების შესახებ;

 

 გ) მოქალაქეს ასევე შეუძლია მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილ ბანკთაგან ნებისმიერს, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში, ან გახსნის პირად ანგარიშს: ბანკი „რესპუბლიკა“; „პრივატბანკი“; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „ლიბერთი ბანკი“; „ბაზისბანკი“; „ქართუ ბანკი“; „კორსტანდარტ ბანკი“; „ბანკი კონსტანტა“; „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებში თქვენ დაგეხმარებიან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაციის შევსებაში.

 

 

გაითვალისწინეთ:

 

თუ თქვენ თვლით, რომ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვით სარგებლობა და არ გაქვთ ამ დროს საბანკო ანგარიში, აუცილებლად გახსენით ანგარიში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ბანკში.

 

 შემოსავლად ითვლება მთელი 2013 წლის განმავლობაში თქვენს ანგარიშზე ხელფასის სახით დარიცხული ან ხელზე მიღებული თანხა, მიუხედავად იმისა, სად და რამდენ ორგანიზაციაში იღებდით ხელფასს (ანუ მთლიანი შემოსავალი გამოითვლება ამ თანხების _ ნებისმიერი საზღაურისა თუ სარგებლის, თუნდაც ნატურის სახით მიღებულის _ შეკრებით).

 

მოქალაქეს, ვისაც ხელფასის სახით 2013 წელს დარიცხული აქვს წლის განმავლობაში 6000 ლარზე მეტი (ანუ ხელზე წლის განმავლობაში აღებული აქვს თუნდაც 4801 ლარი და მეტი), მას სახელმწიფო უკან თანხას აღარ დაუბრუნებს.

 

თუ ფიზიკურ პირს ბიუჯეტის წინაშე გააჩნია დავალიანება, მაშინ დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დასაბრუნებელ შესაბამის თანხას გამოაკლდება ეს დავალიანება (მაგალითად, თუ დავალიანება ბიუჯეტისადმი გაქვთ 100 ლარი და უკან დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 250 ლარი, მაშინ უკან დაგიბრუნდებათ 150 ლარი (250-100).

 

დასაბრუნებელი თანხა მოქალაქეს მის მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაერიცხება დეკლარაციის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღეში.

 

იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე თვლის, რომ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა და დეკლარაციის შევსების დროს აღმოჩნდება, რომ ის ამ შეღავათით ვერ სარგებლობს, მოცემულ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს დამქირავებელს, საკითხის გარკვევის მიზნით და უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში დამქირავებლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შესაბამისი პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი შესაბამისი ფორმების დაზუსტება.

 

მოქალაქემ დამქირავებელს (დამქირავებლებს) უნდა მიმართოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მის მიერ გაანგარიშებული დასაბრუნებელი თანხა არ ემთხვევა დეკლარაციის შევსებისას ველში მითითებულ თანხას, დამქირავებლ(ებ)ის მიერ ინფორმაციის დაზუსტების შემდგომ პირს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის დაბრუნება დადგენილი წესით.

 

თანხის დასაბრუნებლად დეკლარაციის შევსება/ჩაბარების ვადა იწყება 1 აპრილიდან და მისი შევსება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს.

 

პირს უფლება აქვს 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელოს „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ წარდგენილი დეკლარაციის დაზუსტება.

 

 როგორ იანგარიშება დასაბრუნებელი თანხა:

 

თუ 2013 წლის განმავლობაში აღებული გაქვთ ხელზე 1800-დან 4800 ლარამდე, მაშინ ყველა შემთხვევაში თქვენ იბრუნებთ 360 ლარს (1800*20%)

 

ხოლო თუ 1800 ლარზე ნაკლები გაქვთ აღებული, მაშინ უკან დაგიბრუნდებათ ხელზე აღებული თანხის 20% (მაგალითად, აიღეთ 1300 ლარი ხელზე, უკან დაგიბრუნდებათ 260 ლარი (1300*20%)

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი