ომბუდსმენი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საეჭვო გარემოებას ქმნის ფოტოები, რომელიც ინტერნეტ- სივრცეში გავრცელდა, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც საჭიროა ექსპერტიზა და იგი გამოძიების დასრულებამდე შეფასებისგან თავს შეიკავებს.
“მე “საიას ხელმძღვანელ კახა კოჟორიძესთან ერთად ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში შეხვედრაზე. შევხვდით მთავარ პროკურორს, გვქონდა საუბარი და მოგვეცა შესაძლებლობა იმისა, რომ გავცნობოდით გარკვეულ მასალებს. პროკურატურა მზადაა მოხდეს ამ საკითხების გასაჯაროება, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთოს ამ საქმის მიმდინარეობაში და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. როგორც ვიცი, კვირის ბოლოს იქნება მზად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც, მე ვფიქრობ, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ამ ეტაპზე მე გამიჭირდება ყველა იმ დეტალზე საუბარი. ჩვენ შევთავაზეთ და უნდა მოხდეს შეხვედრა ოჯახის წევრებთან დღის განმავლობაში, რათა ჩვენ მივიღოთ მეტი ინფორმაცია მათგან. ამის შემდეგ ჩვენ მოვახდენთ ამ ინფორმაციის შედარებას, შეჯერებას და შემდეგ გვეცოდინება რეალური სურათი”,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი იყო მოწმე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დათა ახალაიას, ლევან ქარდასავა და შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეში.
შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს მამამისი, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი:
“მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა (24 მარტს გაუჩერდა გული). პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას”, – წერს “ფეისბუქზე” შალვა თათუხაშვილის მამა.
პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შალვა თათუხაშვილი გატაცებული იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება და მიზნად საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაციას ისახავს.