ახალი ამბები

კანონპროექტის განხილვა, რომელიც ავტორიზაციის ვადას ეხება, პარლამენტმა გადადო

19 სექტემბერი, 2018 • 3856
კანონპროექტის განხილვა, რომელიც ავტორიზაციის ვადას ეხება, პარლამენტმა გადადო

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტს, რომლითაც სასწავლო დაწესებულებებს ავტორიზაციის ვადა 2020 წლამდე უხანგრძლივდებათ, პარლამენტი ამ სასესიო კვირაში არ განიხილავს.

ირაკლი კობახიძე განხილვის გადადების მიზეზად დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებს ასახელებს. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო.

“კანონპროექტთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ მათ გარკვეული შენიშვნები აქვთ. ვიდრე ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები არ გვექნება, პარლამენტი კანონპროექტს ამ სასესიო კვირაში არ განიხილავს”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც ავტორიზაცია 2018 – 2019 წლებში გასდით, შესაძლოა ავტორიზაციის ვადა 2020 წლამდე გაუგრძელდეთ. კანონპროექტი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში 17 სექტემბერს შევიდა და საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულ ვადებში განიხილავს.

კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით ავტორიზაციის 6-წლიანი პერიოდი, არ მიეცათ გონივრული ვადა ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმისათვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სტანდარტების დასანერგად გარკვეული დრო ჰქონოდათ, 2017 წელს ერთი წლით უკვე გაუხანგრძლივდათ ავტორიზაციის პროცესი. მოქმედი კანონმდებლობით ავტორიზაცია 5 წლის ნაცვლად 6 წელია.

კანონპროექტის ავტორები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის წევრები გენადი მარგველაშვილი, გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი