ახსნა- განმარტების მიხედვით, შალვა თათუხაშვილი საგამოძიებო უწყებაში ორ ადვოკატთან, ეკა ბარბაქაძესა და ვახტანგ თანიაშვილთან ერთად დაკითხეს. საქმე კი თათუხაშვილის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდს, კერძოდ, 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის სადგურში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხებოდა. შალვა თათუხაშვილი ამ დროს სპეცრაზმს ხელმძღვანელობდა, ხოლო კუდის უფროსი დავით ახალაია იყო.
” დაკითხვა მიმდინარეობდა ჩემთვის სასურველ, მშვიდ ვითარებაში და მე ჩემი ნებით მივეცი სრულყოფილი ჩვენება. ადგილი არ ჰქონია რამე სახის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, იძულებას და დაძალებას. მთელი დაკითხვის პერიოდში ადვოკატები იმყოფებოდნენ ჩემთან ერთად. დაკითხვის შემდეგ მე გამოვთქვი სურვილი, რომ ჩემ მიმართ დანიშნულიყო საპროცესო კოდექსით გათალისწინებული დაცვის სპეციალური ღონისძიება, კერძოდ, პირადი დაცვა, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემ მიერ დანაშაულში მხილებული პიროვნებების მხრიდან შესაძლებელი იყო ჩემ მიმართ განხორციელებულიყო რაიმე სახის ზეწოლა”.- ნათქვამია ახსნა-განმარტებაში.
დოკუმენტის მიხედვით, თათუხაშვილს გამოუყვეს დაცვა, მასთან ერთად პროკურატურაში იმყოფებოდნენ მისი ძმებიც, შუათანა ძმას აუხსნა, რომ გარკვეული დროის მანძილზე მას სპეციალური სამსახური დაიცავდა და შესაძლოა ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონოდა.
ახსნა- განმარტების მიხედვით, შალვა თათუხაშვილი წერეთლის გამზირის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს და მას განუცხადეს, რომ შეეძლო ამ ბინით ესარგებლა და დაიცავდნენ. 25 თებერვალს შალვა თათუხაშვილმა დაცვის წევრს თხოვა, რომ მის საცხოვრებელ სახლში, სოფელ წალყასკურში წაეყვანა:
“მე ვფიქრობდი, რომ დაცვის სამსახური მაინც ვერ მოახერხებდა ჩემს დაცვას, რადგან დათა ახალაიას ახლობლების ზეგავლენა უფრო დიდი იქნებოდა. შესაძლებელი იყო თავად დაცვის სამსახური კავშირში ყოფილიყო მასთან, როგორც ძველ თანამშრომელთან. […] სახლის პირველი სართული ფანჯრიდან მე გადავედი ეზოს უკანა მხარეს და წავედი სოფლის განაპირა არსებულ ტყეში, სადაც ამ ხნის განმავლობაში ვიმალებოდი”.
ახსნა- განმარტების მიხედვით, მან გარკვეული პერიოდი დაჰყო სამალავში, მაგრამ დროგამოშვებით თბილისში ბრუნდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს იგი ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ ღამის კლუბში მეგობარს შეხვდა, ალკოჰოლური ზემოქმედების გამო მის შესახებ კლუბის თანამშრომელმა შეატყობინა პოლიციას და შალვა თათუხაშული კვლავ საგამოძიებო უწყებაში აღმოჩნდა, სადაც ჩვენება ადვოკატის გარეშე მისცა.
ახსნა- განმარტების ბოლოს თათუხაშვილი აცხადებს, რომ არც 24-25 თებერვალს და არც 18 მარტს, დაკითხვის დროს, გამომძიებლის და პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას, ძალადობას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია.
” მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებული სპეცოპერაციის დროს ჩემი თვალით ნანახი, ამ ხნის განმავლობაში, მძიმედ მქონდა მეხსიერებაში აღბეჭდილი, რაც ჩემში იწვევდა სტრესულ მდგომარეობას, ხოლო ჩვენების მიცემის შემდეგ მე სტრესისგან სრულიად გავთავისუფლდი”- ნათქვამი პროკურატურის მიერ გავრცელებულ თათუხაშვილის ახსნა-განმარტებაში.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი იყო მომწე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დათა ახალაიას, ლევან ქარდასავა და შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხირდან ძალის გადამეტების ფატქზე.
შალვა თათუხაშვილის მამა, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი შვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
“მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა (24 მარტს გაუჩერდა გული). პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას”, – წერს “ფეისბუქზე” შალვა თათუხაშვილის მამა.
პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაცია, რომ შალვა თათუხაშვილი გატაცებული იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება და მიზნად საგამოძიებო სამსახურის დისკრედიტაციას ისახავს.