ახალი ამბები

აქცია “ხელები შორს კონსტიტუციისგან” ჰომოფობიისა და ძალადობის მცდელობის ფონზე გაიმართა

29 მარტი, 2014 •
აქცია “ხელები შორს კონსტიტუციისგან” ჰომოფობიისა და ძალადობის მცდელობის ფონზე გაიმართა

 

აქციის ფარგლებში შეკრებილი მოქალაქეები პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ოჯახის განმარტება, როგორც ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა, უნდა ჩაიწეროს.

 

“სამწუხაროდ, საქართველოში ჰომოფობია არის ძალიან დიდი პრობლემა და ამ წუთას გვესმის, რა რიტორიკა აქვთ ჰომოფობ ადამიანებს და არ ერიდებიან საჯაროდ შეურაცხყოფის მიყენებას ლგბტ ადამიანებისთვის, ამ კონტექსტში პრემიერის ინიციატივა, რომელიც პრობლემას თავს არიდებს და ისეთ საკითხზე იწყებს დისკუსიას, რომელიც პრინციპში არ არის რელევანტური, სირაქლემას პოზიციას ემსგავსება. დროა, რომ მივხედოთ არსებულ პრობლემებს და ვიმუშაოთ ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შემუშავებაზე და არ შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორიც საქართველოს კონტიტუციაა, რომელიც ყველას თანაბარ უფლებებს უნდა ანიჭებდეს”.– ამბობს ანნა რეხვიაშვილი, ორგანიზაციის “იდენტობა”  სატემო ცენტრის დირექტორი.

 

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები შემდეგი ნაწერებით:– “მე და ჩემი შვილიც ოჯახი ვართ”, “ჯერ კანონის შესრულება ისწავლე და შემდეგ ცვალე”, “დაჩაგრე და იბატონე” და სხვა.

 

“ოჯახი შეიძლება იყვნენ ბაბუები, ბებიები, ბიძაშვილები, სხვა პირები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. უბრალოდ, გვინდოდა განმარტება გაგვეკეთებინა, რომ იცოდეს პრემიერ–მინისტრმა, თუ რას ნიშნავს სამართლებრივ ენაზე ოჯახი”– განაცხადა ნინო ბოლქვაძემ, რომელიც ორგანიზაციის “იდენტობა” იურისტია.

 

აქციის მსვლელობის დროს შეკრებილებთან ჯერ ბექა ცხადაძე მივიდა, რომელმაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა მონაწილეებს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ იგი სიტუაციას გაარიდა და გაფრთხილებაც მისცა, თავი შეეკავებინა გინებისგან. შემდეგ კი პოლიციამ აქციის მონაწილეების ირგვლივ წრე შეკრა, რათა ისინი იმ ადამიანებისგან დაეცვა, რომლებიც დღევანდელ აქციას პარალერულ რეჟიმში აპროტესტებდნენ.

 

ერთ–ერთი მათგანი, მაკა ნიკოლაშვილი მეგაფონის მეშვებით წრის გარშემო დადიოდა და აქციის მონაწილეებს ჰომოფობიური და სიძულვილის ენით მიმართავდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენს და როგორც რიგითი მოქალაქე აპროტესტებს დღევანდელ აქციას, თუმცა ბოლოს მაკა ნიკოლაშვილი პუშკინის სკვერში გამოჩნდა, სადაც რუსეთის მხარდამჭერი აქციაში იღებდა მონაწილეობას. მან აღნიშნულ აქციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციის “დედამიწა ჩვენი სახლია” წარმომადგენელია.

 

“ნუ გამოხვალთ 17 მაისს, ნუ დაიზარალებთ თქვნს თავს”– ამ სიტვებით ნიკოლაშვილმა რამდეჯერმე მიმართა აქციის მონაწილებს. როდესაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განემარტა რას გულისმობდა ამ მოწოდებაში, კონკრეტული პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ “ყველაფერს დრო აჩვენებს”.

 

აქცია მთავრობის კანცელარიასთან 5 საათზე დაიწყო და ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქციის დასრულების შემდეგ პოლიცია მონაწილეებს მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” ჩაჰყვა, რათა მათ უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ტერიტორია. თუმცა კონტრაქციის მონაწილეებიც იმავე გზით წამოვიდნენ და სწორედ მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობდნენ ჰომოფიური ენით საუბარს. მაგალითად, მათ რამდენიმე ტაქსის მეგაფონით მიმართეს, რომ არ მოემსახურონ ამ ადამაინებს და სხვა.

 

სწორედ ამ დროს, როდესაც აქციის ერთ–ერთი მონაწილე ტაქსიში ჯდებდა, კონტრაქციის მონაწილემ მას შეურაცმხყოფელი სიტყვებით მიმართა, რის გამოც საპასუხო რეპლიკა მიიღო, რაც საბოლოოდ  ძალადობრივ ქმედებაში გადაიზარდა, ბექა ცხადაძე მანქანისკენ გაიქცა, თუმცა პოლიციამ იგი კვლავ შეაჩერა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი