ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მძღოლი დაკითხვაზე დაიბარეს

29 მარტი, 2014 •
ირმა ნადირაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მძღოლი დაკითხვაზე დაიბარეს

ნადირაშვილის ინფორმაციით, მამუკა ქუმსიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მძღოლი იყო 2003–2009 წლებში. იგი ამჟამად თურქეთში ცხოვრობს და რამდენიმე დღით საქართველოში დაბრუნდა. 27 მარტს, გვიან ღამით, როდესაც იგი უკან დაბრუნებას აპირებდა, სარფში, საზღვართან ავტობუსიდან ჩამოსვეს და აჭარის პროკურატურიდან უწყება გადასცეს. 

 

ირმა ნადირაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ უწყებაში არ წერია, თუ რა საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მძღოლი და მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული. როგორც დეპუტატი აცხადებს, მამუკა ქუმსიაშვილი თბილისში 28 მარტს დილით ჩამოვიდა, იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრია და უწყების მიღების შემდეგ სწორედ მათ მიმართა. 

 

დეპუტატი ამბობს, რომ ქუმსიაშვილმა სწორედ მას დაურეკა. იგი საგამოძიებო უწყებაში 3 საათზე იყო დაბარებული. მამუკა ქუმსიაშვილს ადვოკატიც აუყვანეს და 2 საათზე გამოძიებელს ესაუბრა შეხვედრასთან დაკავშირებით. ნადირაშვილის თქმით კი, გამომძიებელმა მას შეხვედრაზე უარი უთხრა. დეპუტატი აცხადებს, რომ სატელეფონო მოსმენების მეშვეობით დაადგინეს, რომ მამაუკა ქუმსიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირდა და სწორედ ამის გამო არ ჰკითხავენ ახლა მას. ამ დროისთვის მამუკა ქუმსიაშვილმა არ იცის, როდის უნდა გამოცხადდეს უწყებაში.

 

ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სურთ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მძღოლის დაკითხვა და ყოფილი პრეზიდენტის გადაადგილების ტრაექტორია აინტერებთ.  

 

“რასაც ვუყურებ ამ ბოლო დროს აგორებული ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით…. ამბობენ, რომ მანქანაში გარდაიცვალა, ავარია და ა.შ. საჯაროდ ვაცხადებ, თუ ამ თემაზე ვარ დაბარებული, არც ზურაბ ჟვანია და არც მიხეილ სააკაშვილი იქ არ ყოფილა, მარტო ვიყავი მანქანაში და მე დავეჯახე იმ ხეს,” – ამბობს თავად ქუმსიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით არსებობს ოქმიც და მამუკა ქუმსიაშვილმა ალკოჰოლური შემოწმებაც გაიარა. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას, დაბარებულია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მძღოლი დაკითხვაზე და რა საქმესთან დაკავშირებით. 

 

შეგახსენებთ, რომ 9 საქმიდან ზურაბ ჟვანიას საქმე ერთ–ერთია, რომლის გამოც საგამოძიებო უწყებაში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაბარებული მოწმის სახით. სააკაშვილი თანახმაა, რომ ჩვენება სასამართლოს მისცეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი