ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბარი შედგა

29 მარტი, 2014 •
ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბარი შედგა

მხარეებმა  განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა, რომელიც უკრაინის საზღვართან მყოფი რუსული სამხედრო ძალის გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, ასევე, ყირიმიდან ჯარების გაყვანის საკითხი და ის, თუ როგორ უნდა დაიცვან რუსულენოვანი მოსახლეობა აღნიშნულ რეგიონში. 

 

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რომელიც კიევში “ექსტრემისტებისგან” მოდის. თავის მხრივ პრეზიდენტმა ობამამ ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს ვლდაიმერ პუტინს მოუწოდა, არ გაზარდოს სამხედრო ძალა უკრაინის საზღვართან. 

 

“პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს დიპლომატიური გზის გაგარძელებას კრიზისის დეესკალაციის მიზნით. ბარაკ ობამამ ნათლად განუმარტა ვლადიმერ პუტინს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიყვანს მის ჯარებს და არ გადადგამს სხვა ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ იქნება მიმართული”.– ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

 

პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ აშშ–ის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან და მომავალ ნაბიჯებს განიხილავენ. 

 

ამერიკის შეერთებული შტატების წინადადება, რომელიც უკრაინასა და სხვა ევროპულ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა, ყირიმში საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანას გულისხმობს, სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა, ასევე, რუსეთის ჯარები საკუთარ ბაზებს უნდა დაუბრუნდნენ. 

 

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა დნესტრისპირეთის რეგიონის ფაქტობრივ გარე ბლოკადაზე, რომელიც, მისი აზრით, ხელს უშლის რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებას, მათ სავაჭრო და ეკონომიკურ აქტივობებს.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთს  დიდი ძალა ჰყავს განლაგებული უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან, რომელიც საფრთხეს უქმნის მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონს. ნატო შეშფოთებულია დნესტრისპირეთთან დაკავშირებული საფრთხის გამო. უმაღლესი სამხედრო ოფიცრის ფილიპ ბრიდლოვის სიტყვებით, დნესტრისპირეთი რუსეთისთვის შემდეგი ადგილია, რომელიც რუსეთის ფედერაციას უნდა შეუერთდეს. 

 

რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, როდესაც რეფერენდუმის საფუძველზე ყირიმის რეგიონი შეიერთა. რეფერენდუმი უკანონოდ სცნო დასავლეთმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი