პროკურატურაშია ცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა დაზიანებები აღენიშნება შალვა თათუხაშვილს და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა დასრულებისთანავე გასაჯაროვდება:
“გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ბაჩანა და დათა ახალაიების ინტერესებს იცავს მათი ბრალდების ყველა საქმეში, მათ შორის ზემოხსენებულ მკვლელობის საქმეში. ასევე ის არის ბრალდებულების- დათა და ბაჩანა ახალაიას მამის, როლანდ ახალაიას მეგობარი და ოჯახთან დაახლოებული პიროვნება. შესაბამისად, ამ უკანასკნელის და ბაჩანა ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის განცხადებები, ვითომდა სამართალდამცავმა ორგანოებმა უკანონო ქმედებები განახორციელეს მოწმე შალვა თათუხაშვილის მიმართ, არის მოტივირებული ერთადერთი მიზნით, როგორმე დაეხმარონ მათ მიერ გავრცელებული ტყუილებით ბრალდებულ დათა და ბაჩანა ახალაიებს, შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და მოახდინონ პროკურატურის დისკრედიტაცია. რაც შეეხება ი.ზაქარეიშვილის განცხადებას, რომ მის მიერ გავრცელებულ გარდაცვლილ შ.თათუხაშვილის ფოტოებზე აღინიშნება წამების კვალი და ამ დაზიანებების დაკავშირება სამართალდამცავებთან, არის სრული აბსურდი და ტყუილი, ვინაიდან მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია დაადგინოს გვამზე დაზიანებების არსებობა, მათი მიყენების ხერხი, ლოკალიზაცია, ხანდაზმულობა და სიკვდილის მიზეზი, ხოლო ექსპერტიზა ჯერ დასრულებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი.ზაქარეიშვილის და ა.ნადარეიშვილის ტყუილების მოტივაცია იმდენად აშკარაა, რომ მთავარი პროკურატურა მათზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ თვლის. ჩვენი განცხადება განკუთვნილია ხალხისთვის, რომ ხსენებულმა პირებმა ვერ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. თავის მხრივ, მთავარი პროკურატურა შ.თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებულ გამოძიებას მიიყვანს ბოლომდე და საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა ამომწურავი პასუხი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.