ახალი ამბები

პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმები ,შესაძლოა, გაიზარდოს

18 სექტემბერი, 2018 • 1746
პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმები ,შესაძლოა, გაიზარდოს

თბილისის მერია აპირებს, პარკირებისთვის განკუთვნილი ჯარიმების ოდენობა გაზარდოს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 18 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და შესაბამის კანონპროექტზე მუშაობის დაწყება ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

გადაწყვეტილება კალაძემ იმით დაასაბუთა, რომ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მუნიციპალური პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილებს რიგი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებენ. თუმცა იმის გამო, რომ პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა მცირეა, აღნიშნული პირები თავიანთ საქმიანობას შეუზღუდავად აგრძელებენ და ხელს უშლიან მოქალაქეებს.

“ქალაქში არის ქუჩები, სადაც დაკავებული აქვთ საპარკინგე სივრცეები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობებისთვის. როგორც გითხარით, ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში ამ ადგილას აქვთ გახსნილი ტურისტული ბიუროები, ასევე არის გასაქირავებელი ავტომობილები და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლოება ისარგებლონ მუნიციპალური პარკინგით”, – განმარტავს კალაძე.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მისი დავალებით სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული პირები დააჯარიმა, თუმცა ჯარიმის სიმცირის გამო  საქმიანობა მათ ჩვეულებრივ გააგრძელეს.

“როგორც ჩანს, ჯარიმები არის ძალიან დაბალი, 10 ლარი არის, თუ არ ვცდები, და ეს ადამიანები მაინც ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. ჩვენ ეკონომიკურ საქმიანობას არანაირად არ ვეწინააღდეგებით, თუმცა ქალაქში არის ძალიან ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება განხორიცელდეს. არავის აქვს უფლება ადამიანებს შეუზღუდოს პარკირება. იმ ადამიანებს, ვინც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, უნდა ჰქონდეთ მუნიციპალური პარკინგის გამოყენების საშუალება”,- დასძენს კალაძე.

გარდა ამისა, კალაძე აღნიშნავს, რომ ჯარიმების გაზრდის გადაწყვეტილება მათ მშენებლობების დასარეგულირებლადაც მიიღეს. და მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად შეხვდა, ჯარიმების გაზრდამ გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი