ახალი ამბები

ჟენევაში აფხაზებმა საზღვარგარეთის ვიზების მიღების საკითხში პრობლემებზე ისაუბრეს

27 მარტი, 2014 •
ჟენევაში აფხაზებმა საზღვარგარეთის ვიზების მიღების საკითხში პრობლემებზე ისაუბრეს

“მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო აზრების გაცვლას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვართან შექმნილ ვითარებას, რომელიც მთლიანობაში იყო სტაბილური. ასევე აღინიშნა ბოლო დროს სასაზღვარო რაიონებში საქართველოს მხრიდან სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს. შეხვედრის მონაწილეებს შესაბამისი ვიდეომასალები მიეწოდათ,”- წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის წარმომადგენლები გამოვიდნენ ანგარიშით საკუთარი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციის გაგრძელებაზე საზღვარგარეთის ვიზების მიღების საკითხებსა და განათლების დოკუმენტების აღიარების კუთხით. 

 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 27-ე რაუნდთან დაკავშირებით 25-26 მარტს ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა, რომელთა მონაწილეებიც ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი და რომელთა ფარგლებშიც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.

 

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჟენევის მოლაპარაკებების რიგით 27-ე რაუნდს ესწრებოდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი