“2014 წლის თებერვლიდან რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას დროებითი შეწყვეტის შემდეგ, ქარელის რაიონის სოფ. ატოცსა და ღოღეთში განახლდა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით. მსგავსი პროვოკაციული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობას, იწვევს ჰუმანიტარულ კრიზისს და ამასთან, არ უწყობს ხელს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დეესკალაციას. რუსეთის ფედერაციაზე არაერთი მოწოდების შემდეგ, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკა და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ქართულმა მხარემ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლა არსებული პროვოკაციების აღსაკვეთად და ამ უკანონო პროცესების ჰუმანიტარული შედეგების აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს გაძლიერებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას და არსებული მანდატის თანახმად, ორივე რეგიონში მისი შეუფერხებელი შესვლის აუცილებლობას.
“27-ე რაუნდის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. საქართველო პირნათლად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ხაზს უსვამს ძალის გამოუყენებლობის აუცილებლობას, რასაც კვლავ უგულებელყოფს რუსეთის ფედერაცია. ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება საქართველომ კიდევ ერთხელ ცალმხრივად აიღო 2010 წელს და განამტკიცა 2013 წელს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციით. უკანასკნელი რაუნდების დროს, მონაწილეები საქართველოდან კონსტრუქციულად იყვნენ ჩართულნი ექსპერტთა დონეზე თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებული ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადების პროექტზე მუშაობაში. ქართულმა მხარემ არ დაიშურა ძალისხმევა პროგრესის მისაღწევად, თუმცა, ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ განცხადება ვერ ჩაანაცვლებს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ ვალდებულებას. დღესდღეობით, როდესაც რუსეთის ფედერაცია მზარდი დაჟინებით ცდილობს მეზობელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკის თავისუფალი გატარების შეზღუდვას მათი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გზით, აუცილებელია მისი მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება; აღნიშნული იქნებოდა ქმედითი მექანიზმი მოსკოვის მხრიდან შესაძლო აგრესიის შესაჩერებლად. ამასთან, რეგიონში მიმდინარე საგანგაშო მოვლენების გათვალისწინებით, საქართველო მიმართავს თანათავმჯომარეებს და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიზნით. საქართველოს ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის უზრუნველყოფა მხოლოდ ქმედითი და ეფექტური საერთაშორისო მექანიზმების პირობებშია შესაძლებელი”.
“განცხადების მიხედვით, მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეების ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და განიხილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ზონებში რუსეთის უკანონო ქმედებების შედეგები. ამასთან, ვრცლად იქნა განხილული განათლებისა და სამედიცინო დახმარების მიღების, ასევე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის კონკრეტული დამადასტურებელი ფაქტები. ხაზი გაესვა, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, უნდა ისარგებლონ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე სწავლისა და ჯანდაცვის უფლებით. აღნიშნულ კონტექსტში მონაწილეებმა თბილისიდან ხაზგასმით აღნიშნეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მექანიზმის შექმნის მნიშვნელობა. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების აუცილებლობას. განხილულ იქნა ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მიზნით”.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 28-ე რაუნდი 2014 წლის 17- 18 მარტს გაიმართება. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 27-ე რაუნდში საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმსარულებელი დირექტორის ფერნანდეზ დე ლა პენიას მონაწილეობას, რაც ადასტურებს ევროკავშირის ურყევ ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების პროცესში და მის მნიშვნელოვან როლს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. “საქართველო კიდევ ერთხელ მიესალმება ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს ანჯელო გნედინგერს და აღნიშნავს მოლაპარაკებებში მისი პირადი წვლილის, ისევე, როგორც შვეიცარიული მხარის ჩართულობის მნიშვნელობას. ქართული მხარე მზად არის კვლავაც გააგრძელოს თანათავმჯდომარეებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა, ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არსებითი, შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების უზრუნველყოფის მიზნით”.