ახალი ამბები

“თუ უგუნურებმა გააგრძელეს, ასიათასობით გამოვალთ”- ქორეპისკოპოსი იაკობი მარიხუანაზე

17 სექტემბერი, 2018 • 3558
“თუ უგუნურებმა გააგრძელეს, ასიათასობით გამოვალთ”- ქორეპისკოპოსი იაკობი მარიხუანაზე

პატრიაარქის ქორეპისკოპოსი იაკობი საქართველოს მთავრობას მიმართავს და მრევლის წინაშე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მარიხუანის ექსპორტის შესახებ კანონპროექტს დაამტკიცებს, ეკლესია ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებს.

ქორეპისკოპოსი თავის ქადაგებაში, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გააშუქა, ამბობს, რომ 2012 წელს ვერ იფიქრებდა, “ასე საუბარი” თუ მოუწევდა. მისივე თქმით, ხალხისთვის “ნარკობარონების მომრავლება სირცხვილია” და ის დღევანდელ მთავრობისა და პარლამენტის წევრებს ვერ ცნობს.

“კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ, თორემ გეუბნებით, რა, უფრო ძლიერებიც ყოფილან, შევარდნაძე  უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა… ქართველი ერი სხვანაირია, შეითქმება და ბახტრიონშიც იმარჯვებს,  აბსოლუტურად ყველგან იმარჯვებს.

ეს რუსული ოკუპაცია მოვიშოროთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, მსოფლიოს თანამეგობრობაში ისეთი ადგილი დავიკავოთ, რაც ჩვენი ერის კულტურისა და ისტორიის მიხედვით ეკუთვნის… სირცხვილი არ არის, დასავლეთზე ვლაპარაკობთ, ამერიკაზე, თუნდაც ესენი რუსეთისკენ იყურებოდნენ, ვის რად უნდა ნარკობარონები? რომელიმეს გინდათ ასეთი ფული?”, – ამბობს იაკობი.

ქორეპისკოპოსმა ასევე გაუსვა ხაზი იმასაც, რომ შინაგან საქმთა მინისტრ გიორგი გახარიას იცნობს და მას შემდეგი სიტყვებით მიმართავს:

“შინაგან საქმეთა მინისტრს ვიცნობ, ჭკვიანი კაცია. მე მინდა მივმართო მას. ის არის პოლიციის სახე, ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია და დღევანდლამდე, ძველი დროიდან მოყოლებული, რასაც ებძოდნენ ქართველი სამართალდამცველები, თვითონ რომ გააკეთონ,  რა ავტორიტეტი ექნებათ? გულისტკივილით ვამბობ, დღეს ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას?” – აცხადებს ის.

გარდა ამისა, იაკობი ამბობს, რომ პარლამენტში მყოფი დაახლოებით 150 ადამიანის იმედი აქვს და მას სჯერა, რომ “მათში საქართველოს მოწინააღმედეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიიღონ გადაწყვეტილება”.

“ნუ დაუპირისპირდებით ერს. ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დასჭირდება ერს, იქ ვიქნებით..ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყანარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ.

ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ერი. ბევრი მოდის და გვეუბნება, ბავშვბით, ოჯახებით გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურებმა გააგრძელეს, ასი ათასობით კაციც გამოვალთ და მერე ძალის წინააღმდეგ, უნდათ არ უნდათ, დაიხევენ უკან”, – ამბობს ქორეპისკოპოსი იაკობი.

მასალების გადაბეჭდვის წესი