მანამდე ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურეს.
ქარუმიძის ელჩად დანიშვნის საკითხის გარშემო ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა ელჩის პოზიციაზე და ამის მიზეზად მან დაასახელა ქარუმიძის ლიტერატურული ნამუშევარი, კერძოდ, რომანი “მელია-ტულეფია: Foxtrot”. ამ ინტერვიუს შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ის ინფორმაცია, რომ ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილებოდა ელჩის პოზიციაზე.
“სოსო ჯაჭვლიანს ჩემი ნაწარმოები არც წაუკითხავს. სოსო ჯაჭვლიანმა წაიკითხა ნაწყვეტი, რომელიც დადო მანამდე გიგაურმა [“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი]. ეს არის დამახინჯებული ინფორმაცია აბსოლუტურად. მაგ ინფორმაციიდან გამომდინარე გააკეთა თავისი სწრაფი დასკვნა. ელემენტარული უცენზურობაა, უზრდელობაა. არ შეიძლება, რომ ისეთ რთულ მატერიაში, როგორიც არის მხატვრული ტექსტი და ლიტერატურა, ასეთი მარტივი კატეგორიებით ერეოდეს ადამიანი”, – ამბობს ზურაბ ქარუმიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
25 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “კიბერ-თეატრის” წარმომადგენელმა გიორგი ხასაიამ ზურაბ ქარუმიძის მხარდასაჭერად პერფორმანსი გამართა და დეპუტატებს მიმართა, რომ ისინი ეწეოდნენ მწერლის მარგინალიზაციას. ხასაია, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხდომის დარბაზიდან გააძევეს.
ქარუმიძის მხარდასაჭერად რამდენიმე პოლიტიკოსმაც [მათ შორის მთავრობის წარმომადგენლებმა] გამოთქვა საჯაროდ თავისი მოსაზრება, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ელჩის თანამდებობაზე ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა განიხილება. ფანჯიკიძის განმარტებით, საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანდიდატურას მთავრობა განიხილავს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს.