“პუტინი მოქმედებს, მას აქვს ძალიან ნათელი გეგმა, ძალიან ნათელი ხაზი, სრულიად გასაგებია, რას აპირებს, რა უნდა. მას უნდა იმპერიის საზღვრები გააფართოვოს. ის, რაც დაკარგა მისი აზრით იმ დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როგორც მან უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას, უნდა, რომ ნაწილებად დაიბრუნოს და ამ პროცესს ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს. დასავლეთის პასუხი ამაზე სანქციებთან ერთად, სანქციებზე მეტად, უნდა იყოს ის პოზიტიური პოლიტიკა. ჩვენ- საქართველო, უკრაინა, მოლდოვა ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა იმპერიაში დაბრუნება, ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს წევრი, აქ არის გასაღები. მზად არის თუ არა დასავლეთი გახსნას თავისუფალი სამყაროს კარები. ერთადერთი პასუხი, ჩემი აზრით, ამ კონფლიქტზე არის არა სანქციები, არამედ ყველაზე სწორი პასუხი არის გაფართოება. გაფართოება არის ერთადერთი სტრატეგიული გზა, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში პუტინს, რა გზას ადგას ცივილიზებული სამყარო იმის წინააღმდეგ რასაც აკეთებს ვლადიმერ პუტინი. ერთადერთი თავშესაფარი რომელიც დღეს არსებობს, ეს არის ნატო. კი არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი არც ნატოს წინაშე არ დაიხევს, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, თუმცა, ბუნებრივია, რომ ყველას აქვს განცდა, რომ ნატოსთან ომში რუსეთი მაინც არ შევა, ამიტომ ნატოს გაფართოება იქნება ყველაზე სწორი პასუხი”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.





