შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის იანვრამდე პერიოდულად სარგებლობდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – „ნოვატექნოლოჯის“ ვებგვერდით www.paybox.ge:
“საბარათე ანგარიშის გადახდის პროგრამის საშუალებით, მის სახელზე არსებული სხვადასხვა საბანკო ანგარიშები და ონლაინ ტოტალიტაზატორებში საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდა ფულს. შოთა ჩ. თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, „ნოვატექნოლოჯი“-სათვის გაგზავნილ ინფორმაციაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, თაღლითურად ცვლიდა თანხას. ის ხელოვნურად ამცირებდა საბანკო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის ოდენობას, ხოლო „ნოვატექნოლოჯი“-დან უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით ფულს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შოთა ჩ. თაღლითურად დაეუფლა სს „ნოვატექნოლოჯი“-ს კუთვნილ 577 742,71 ლარს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და ბანკის პლასტიკური ბარათი ამოიღეს.
გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.