ახალი ამბები

ბახტაძე: 2019 წლისთვის სწავლის ახალი მოდელი 50 სკოლაში დაინერგება

14 სექტემბერი, 2018 • 2303
ბახტაძე: 2019 წლისთვის სწავლის ახალი მოდელი 50 სკოლაში დაინერგება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, სწავლის ახალი მოდელი 2019 წლისთვის 50 სკოლაში დაინერგება. საშუალო განათლების სექტორის რეფორმაზე საუბრისას ბახტაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი სტანდარტი ქვეყნის ყველა სკოლაში უნდა იყოს დაცული.

“რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციურობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე. 2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ჩვენს სკოლებში სწავლის ახალი მოდელის დანერგვას. ხოლო 2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში სრულად იქნება დანერგილი ეს მოდელი.

ჩვენ საქართველოში არ გვსურს, ვიხილოთ რამდენიმე პრესტიჟული სკოლა ან რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა. ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. რეფორმის შედეგად მივიღებთ სკოლის ახალ მოდელს, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან და ქართულ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ გამოცდილებასთან”, – აღნიშნა მან.

პრემიერის განცხადებით, რეფორმირებულ სკოლაში გადამზადებული მასწავლებლები იმუშავებენ, რომელთაც გარკვეული საგნების სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით “თავისუფლება მიეცემათ”.

ბახტაძის განცხადებით, განათლების რეფორმა საქართველოში ხუთივე მიმართულებით განხორციელდება. ესენია ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

პრეზენტაცია იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ამ წუთებში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი