ახალი ამბები

სააკაშვილი მარიხუანის ექსპორტზე – ნარკოტიკებს მოაქვს დანაშაული

13 სექტემბერი, 2018 • 2154
სააკაშვილი მარიხუანის ექსპორტზე – ნარკოტიკებს მოაქვს დანაშაული

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული ინიციატივით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ისარგებლებს. სააკაშვილის თქმით, მარიხუანის ბიზნესით საზოგადოება რაიმე სახის ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებს. სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებას კი სააკაშვილი ქვეყნისთვის უდიდეს საფრთხედ აფასებს და მოსახლეობას ბრძოლისკენ მოუწოდებს.

“უკვე ვნახეთ ივანიშვილის ერთი ინიციატივა ბიტკოინებთან დაკავშირებით. მინდა თითოეულ თქვენგანს ვკითხო, მიიღეთ შემოსავალი გლდანში მდებარე ბიტკოინების ქარხნისგან?! გარდა იმისა, რომ გაგიძვირდათ დენი, რადგან ქარხანას, რომლის შემოსავალსაც ივანიშვილი ჯიბეში იდებდა, თქვენს ხარჯზე დენი მონიმალურ ფასში მიეწოდებოდა. ზუსტად ასევე იქნება მარიხუანა. ივანიშვილი გლეხების გაკოტრებით არის დაინტერესებული. მას სურს ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ვაზი გაიჩეხოს და მიწები იაფად ჩაიგდოს, რადგან ისინი ამ ნათესების დაცვას აპირებენ. როგორც შემოღობა ბოტანიკური ბაღი და თბილისის ცენტრი, ზუსტად ასე აპირებს საქართველოში მიწების შემოღობვას. ნარკოტიკებს მოაქვს დანაშაული. მოაქვს უკიდურესი გაღატაკება და, პირდაპირ რომ ვთქვა, მოაქვს მოსახლეობის გამოშტერება. ჩემი ქვეყნისთვის ეს არ მინდა,” – აცხადებს სააკაშვილი.

11 სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებას.

როგორ გამოიყენებენ კანაფს კოსმეტიკაში და სამედიცინო მიზნებისთვის

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბერს განაცხადა, რომ  “მკაცრად დარეგულირდება მარიხუანის მოხმარება და გამკაცრდება სასჯელი მოხმარების პოპულარიზებისთვის”. ამასთან, მისივე თქმით, მკაცრ რეგულაციებში მოექცევა კანაფის მოყვანა სამედიცინო მიზნით ექსპორტისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი