ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: ორმხრივ შეხვედრებს ჩვენსა და რუსეთს შორის აქტუალობა არ დაუკარგავს

25 მარტი, 2014 •
ზურაბ აბაშიძე: ორმხრივ შეხვედრებს ჩვენსა და რუსეთს შორის აქტუალობა არ დაუკარგავს

“ერთადერთი, სადაც ვიკრიბებით და სადაც პრობლემებს განვიხილავთ და შეძლებისდაგვარად ვაგვარებთ, ეს არის, აი, ეს ორმხრივი შეხვედრის ფორმატი და ასევე მეტად მნიშვნელოვანი ჟენევის კონსულტაციები. ასე რომ, ამ ფორმატს აქტუალობა არ დაუკარგავს. მე ვფიქრობ, რომ სანამ რაიმე სხვა, უკეთესი არ გამოინახება, მანამდე აქტუალური იქნება ამ ფორმატში შეხვედრების გაგრძელება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.



ზურაბ აბაშიძის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ყველაფერი ყირაზე დააყენა, ამიტომ უამრავი კითხვა ჯერ პასუხგაუცემელი რჩება:

 

“უკრაინის მოვლენები გარკვეულწილად ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის. სანქციების თაობაზე ახლა მიდის კონსულტაციები და მოლაპარაკებები, გუშინ შეიკრიბა შვიდეული ჰააგაში. ასე რომ, ჯერ მთლიანად ჩამოყალიბებული დასავლეთი არ არის იმის თაობაზე, თუ რა სანქციები უნდა აამოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ. გარკვეული ელემენტები უკვე გამოჩნდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში გავიგებთ ამის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას და სრული სურათი შეიქმნება. უკრაინის მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. საერთაშორისო სამართალი, ევროპის უსაფრთხოება, იმდენად არის შერყეული, რომ დიდი კითხვა ისმის, საერთოდ როგორ მოხერხდება ყოველივე ამის აღდგენა. საერთოდ, რანაირ სამყაროში ვცხოვრობთ, რა მსოფლიოში ვცხოვრობთ დღეს, ეს არის ყველაზე დიდი და სერიოზული კითხვა. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქციონირებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ისინი ეფექტურად არ იმოქმედებენ”, – განაცხადა აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი