ფრანსუა ოლანდისა და საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში დღეს გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში საფრანგეთის როლზე. ფრანგული მხარის სურვილია, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც უკვე გამოიხატა ვილნიუსის სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებისას, აცხადებს საქართველოს მთავრობა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2014 წლისათვის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ოფისის გახსნა იგეგმება.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტში, რომელიც ჰააგაში 23-25 იმართება, საქართველოს მთავრობაც მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელძღვანელობს, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე.