ახალი ამბები

უსუფაშვილი: პროკურატურამაც უნდა ახსნას, რატომ ახლა, ამ თემაზე

24 მარტი, 2014 •
უსუფაშვილი: პროკურატურამაც უნდა ახსნას, რატომ ახლა, ამ თემაზე

“ეს იყო ძალიან მკაფიო, ძალიან დახვეწილი და მგონი ისეთი, რომელსაც უნდა ველოდოთ ჩვენი კეთილისმყოფელი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ძალიან ბევრი რამაა სასწორზე, იყავით კიდევ უფრო ფრთხილად, ვიდრე ზოგადად უნდა ვიყოთ, როცა საქმე ეხება პროკურორს, დაკითხვას და ა.შ. ამიტომ მე მგონია, რომ პროკურატურას როდესაც უჩნდება კითხვა ვინმეს მიმართ, ის უნდა დასვას და ყველა ვალდებული ვართ გავცეთ პასუხი, ამასთანავე, თუ პროკურატურის მიმართ გაუჩნდა ვინმეს კითხვა – რატომ, როდის, რისთვის – მაშინ პროკურატურამაც უნდა ახსნას, რატომ ახლა, ამ თემაზე და ა.შ.

 

მე მგონი, ამ შემთხვევაში, თუ ყველა პროკურორის მიერ დასმულ კითხვაზეც პასუხს სწორად გასცემს და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასმულ საკითხებზეც სწორ პასუხებს გავცემთ, ყველაფერი კარგად დასრულდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა მეთიუ ბრაიზას კომენტართან დაკავშირებითაც, რომელიც დღეს საქართველოში რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა და რომლის მიხედვითაც სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო შესაძლოა საქართველოს პრობლემა შეექმნას მაპის მიღების კუთხით:

 

“ბრაიზამ დილას მომწერა, რომ აღარ ვიცი რა ვქნა, რა ენაზე ვიმეტყველოო, იმიტომ, რომ ჩემს ყველა ნათქვამ სიტყვას საქართველოში სხვანაირად თარგმნიანო. არ მითქვამს მე ისეთი რამ, რომ საქართველოს მაპი აღარ ეკუთვნის, ან საქართველოს მაპის თაობაზე შეიძლება შეექმნას პრობლემაო და საიდან მოიტანეს, არ ვიციო. მე დავამშვიდე, რომ არაუშავს, არ ხარ შენ ერთადერთი, ვისი სიტყვებიც სხვანაირად იქნა ინტერპრეტირებული-თქო,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 27 მარტსაა დაბარებული პროკურატურაში მოწმის სტატუსით დასაკითხად 10 სისხლის სამართლის საქმეზე. ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს დაკითხვაზე გამოცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი