ახალი ამბები

ბიუჯეტიდან დაფინანსების ზრდის მიუხედავად, სასკოლო განათლების ხარისხი დაბალია – TI

12 სექტემბერი, 2018 • 2676
ბიუჯეტიდან დაფინანსების ზრდის მიუხედავად, სასკოლო განათლების ხარისხი დაბალია – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, 2011 წელთან შედარებით 2018 წელს სასკოლო განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ გაიზარდა. TI-ის კვლევის მიხედვით, 2018 წელს ზოგადი განათლების დაფინანსებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 678 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც თითქმის 600 მლნ (მთლიანი დაფინანსების 88% ) ლარი უშუალოდ სკოლაზე უნდა დაიხარჯოს. ორგანიზაცია ასკვნის, რომ მიუხედავად დაფინანსების ზრდისა, ხარისხი არ იზრდება.

“TI-საქართველოს” მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ 2011 წლიდან სასკოლო განათლების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა. გამონაკლისი იყო 2014 წელი, როცა ზოგადი განათლების დაფინანსება შემცირდა.  TI-ის ინფორმაციით, თუ საჯარო სკოლების დაფინანსების ჯამურ მონაცემებს გავყოფთ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე, მივიღებთ, რომ 2011 წელს საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე ცენტრალური ბიუჯეტიდან საშუალოდ იხატჯებოდა 554 ლარი. 2018 წელს კი ამ მიზნით დაახლოებით 1 000 ლარია გამოყოფილი. 

წყარო : საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, რადგან სახელმწიფო ფაქტობრივად არ ზომავს ზოგადი განათლების ხარისხს, საკვლევ პერიოდში სასკოლო განათლბის ხარისხის შეფასების მიზნით, კვლევის ავტორებმა საერთაშორისო რეიტინგები გამოიყენეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სასკოლო განათლება კონკურენტუნარიანი არ არის. მეტიც, ბოლო წლებში არც გამოკვეთილი დადებითი ტენდენცია შეინიშნება.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი, 137 ქვეყანას შორის 106-ზე.

PISA-ს კვლევა 2015 წელს ჩატარდა, რომელმაც 72 ქვეყანა, მაშ შორის, საქართველოც მოიცვა. დაკვირვების საგანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრებაა. TI-ის ინფორმაციით, მთლიანობაში, ქართველმა მოსწავლეებმა საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენეს. ეს კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ზოგადი განათლების ხარისხის გასაზომად კვლევაში საატესტატო გამოცდების შედეგებიც გამოიყენეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლიდან საატესტატო გამოცდებში შედეგი გაუარესდა. წარუმატებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიზიკაში, მათემატიკაში და უცხო ენებშია. ქვეყანაში საატესტატო გამოცდები 2011 წლიდან ტარდება. კვლევის თანახმად, 2011-2015 წლებში სკოლის ატესტატს ყოველწლიურად საშუალოდ 6.6 ათასი მოსწავლე, ხოლო 2016-2018 წლებში საშუალოდ 13.5 ათასი მოსწავლე ვერ იღებდა.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რადგან გარკვეულ საგნებში მინიმალური ბარიერი წლების მიხედვით იცვლებოდა, კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს კომპონენტი აბიტურიენტების მომზადების დონისა და. შესაბამისად, სასკოლო განათლების ხარიხსის შესამოწმებლად არ გამოდგება.

TI სახელმწიფოს რეკომენდაციით მიმართავს, შემუშავდეს ზოგადი განათლების პროგრამის კონკრეტული მიზნები და შედეგები, რომლებიც იქნება გაზომვადი და საშუალებას მოგვცემს, წლიდან წლამდე ვნახოთ, გვაქვს თუ არა პროგრესი. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელწიფომ ფული არ უნდა გადაიხადოს განათლებაში, თუ ხარისხი არ გაუმჯობესდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი