“დასავლეთმა გამოიღვიძა და რუსული საფრთხე გაათვიცნობიერა. სამწუხაროა, რომ ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს არ მოხდა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელმა განაცხადა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ესტონეთის პრეზიდენტს, რომლის აზრითაც, მოსკოვის საფრთხეს ევროპაში ბოლომდე ვერ აცნობიერებენ.
თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა 2018” იმსჯელეს რუსეთის პოლიტიკაზე არამხოლოდ სამეზობლოში, ზოგადად, დასავლეთში.
“საქართველოსთან ომმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს როგორც ნება, ისე შესაძლებლობა, დააზიანოს დასავლური პოლიტიკური წესრიგი. მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იყო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს დასავლეთისთვის. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო ამ საფრთხის აღიარება. სამწუხაროა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვერ გავიღვიძეთ. პირიქით, აგვისტოს ომიდან 7 თვეში დავიწყეთ გადატვირთვის პოლიტიკა, რაც შეიძლება, არაპირდაპირი კონტრიბუციაც გახდა უკრაინასთან ომის დაწყებისთვის”, – განაცხადა უეს მიტჩელმა.
მისი თქმით, ახლა, როცა სახეზე გვაქვს ორი ომი (და არა კრიზისი) ევროპაში, დასავლეთი გამოფხიზლდა და მათ უკვე იციან, რომ პუტინი სერიოზული საფრთხეა.
“არგუმენტს, რომ ეკონომიკური სტაგნაცია რუსეთს ასუსტებს, უნდა დავემშვიდობოთ. პუტინი საფრთხეა დასავლური პოლიტიკური წესრიგისთვის, რუსეთი ახორციელებს აგრესიას და ეს მიუღებელია”, – განაცხადა უეს მიტჩელმა და დასძინა, რომ დასავლეთი უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს რუსეთისგან მომავალი საფერთხეების წინააღმდეგ.
დასავლეთის ძალისხმევას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად არასაკმარისად მიიჩნევს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.
“თქვენ თქვით, რომ დასავლეთი გამოფხიზლდა და გააცნობიერა, რას წარმოადგენს რეალურად რუსეთი. მაგრამ არ მგონია, რომ ევროპის შემთხვევაში სწორი იყოთ. უბრალოდ დეზორიენტაცია მოხდა, მაგრამ ისევ გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ბიზნესის კეთება. ძლიერდებიან პოპულისტური პარტიები და მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებები, რაც რუსეთისთვის არის ინსტრუმენტი”,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
კერსტი კალიულაიდის თქმით, არაერთი ძალა დასავლეთში ცდილობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ისევე აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან ომის შემდეგ ძალიან მოკლე პერიოდში. ესტონეთის პრეზიდენტი დარწმუნებული არ არის, რომ მომავალშიც იგივე არ მოხდება.