ახალი ამბები

დათა ახალაიას საქმეზე მოწმის გარდაცვალებაზე ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

24 მარტი, 2014 •
დათა ახალაიას საქმეზე მოწმის გარდაცვალებაზე ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ახალაიას ადვოკატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

“დავით ახალაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ არაერთგზის ნაწამები და გატაცებული შალვა თათუხაშვილი, უმძიმესი დეპრესიის შემდეგ – უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა. გამოძიებამ შალვა თათუხაშვილს, სასტიკი ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის შდეგად, ხელი მოაწერინა დავით ახალაიას მამხილებელ ცრუ ჩვენებაზე, თითქოს დავით ახალაიამ „ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს“ განახორციელა ერთერთი პიროვნების ლიკვიდაცია. 

 

შალვა თათუხაშვილის გატაცებისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო თათუხაშვილების ოჯახმა იმთავითვე მომმართა განცხადებთ და მთხოვეს დახმარება. 

 

ამის შემდეგ გამოძიებამ, თავისი დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წასაშლელად, ძალადობისა და მუქარის ქვეშ კამერის წინ დაადასტურებინა შალვა თათუხაშვილს მის მიერ იძულებით ხელმოწერილი დავით ახალაიას მამხილებელი ცრუ ჩვენება. 


გამოძიება ბოროტად იყენებდა იმ გარემოებას, რომ 2008 წლის აგვისტოს თვეში, საბრძოლო მოქმედებების დროს შალვა თათუხაშვილმა მიიღო უმძიმესი კონტუზია, რის შემდეგაც აღენიშნებოდა პროგრესირებადი ფსიქიკური აშლილობა. გამოძიების მიერ შალვა თათუხაშვილის გატაცებისა და მასზე განხორციელებული არაერთგზისი ძალადობის მიზეზით, შალვა თათუხაშვილს გაუმწვავდა ფსიქო–ემოციური სტატუსი და იმდენად აშკარად იყო გამოკვეთილი ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, რომ 2014 წლის 19 მარტს დავით ახალაიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მის მიმართ დავნიშნე სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა. 

 

ცხადია, გამოძიება მიხვდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურებდა „მოწმის“ ფსიქიკურ დაავადებას, რის შედეგადაც შალვა თათუხაშვილის მიერ ძალადობის ქვეშ ხელმოწერილი დავით ახალაიას მამხილებელი ჩვენება მტკიცებით ძალას დაკარგავდა.

 

სამწუხაროდ, ექსპერტიზის დანიშვნიდან ოთხ დღეში შალვა თათუხაშვილი უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა.

 

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზას ვესწრებოდი რა პირადად, საკუთარი თვალით ვიხილე, რომ შალვა თათუხაშვილს ხერხემლის არეში აღენიშნებოდა მოზრდილი ზომის ჰემატომის კვალი. მკლავის მუხლებისა და მარცხენა ფეხის კოჭის საპროექციო არეში აღინიშნებოდა ფუფხით დაფარული დაზიანებები.”

 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს მამამისი – შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გოგი თათუხაშვილი: 

 

“მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურას ხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა (24 მარტს გაუჩერდა გული). პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას”, – წერს “ფეისბუქზე” შალვა თათუხაშვილის მამა.

მასალების გადაბეჭდვის წესი