“ეს გახლავთ თანამედროვეობის ახალი ტიპის უბედურება, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო მზად არის ებრძოლოს მთელი სიმკაცრით და მე მინდა ვუთხრა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს, იმიტომ, რომ კანონი ამას არ კრძალავს, მოიხმარენ მეგობრების ბინაზე, ან სადღაც ორგანიზებულ ადგილებში იმ ახალ ნივთიერებებს, როგორიც არის სფაისები, რომ 1 აპრილიდან ეს ქმედება იქნება მკაცრად დასჯადი, როგორც შემოტანა–გატანა, აგრეთვე მოხმარება, მოხმარების ორგანიზება და მოხმარებაზე წაქეზებაც”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლის თვალსაზრისით წინა მთავრობისგან განსხვავებით განსაკუთრებულად კარგად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უწყებათაშორისი საბჭო იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით:
“ბოლო თვეების განმავლობაში წამატებით და სამაგალითოდ მუშაობს ნარკოტიკების საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. უპრეცედენტო აქტივობას იჩენს გამოძიების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც 2012 წელს არჩევნების შემდეგ მართლაც სამაგალითოდ დიდი ოდენობა, მათ შორის ჰეროინის, მრავალჯერ ამოიღო. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოში შემომავალი და გამავალი ნარკოტიკული ნივთიერებების მკაცრი კონტროლი არ ხდებოდა, ან თუ ხდებოდა, მიკვლეულ ნივთიერებათა ამოღებაზე ხანდახან ხელისუფლება თავს იკავებდა. დღეს ასე არ არის, თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ იმ სტატისტიკას და თუნდაც იმ ოდენობებს ჰეროინს, რაც შსს–მ ბოლო თვეების მანძილზე ამოიღო”, – განაცხადა წულუკიანმა.