ახალი ამბები

კოლუმბიისა და ავღანეთის საფრთხეებს ვხედავ – ქორეპისკოპოსი იაკობი მარიხუანის ექსპორტზე

12 სექტემბერი, 2018 • 2584
კოლუმბიისა და ავღანეთის საფრთხეებს ვხედავ – ქორეპისკოპოსი იაკობი მარიხუანის ექსპორტზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი მარიხუანის საექსპორტოდ წარმოების შესაძლო დაშვებას აკრიტიკებს. მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნული იდეა დამაფიქრებელია.

“როცა ქვეყანა სუსტია და საზღვრების დაცვაც უჭირს, ვფიქრობ, ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე ყველა უნდა დაფიქრდეს”, – განუცხადა ქორეპისკოპოსმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რაიმე საფრთხეს თუ ხედავს წარმოების დაშვებაში, ქორეპისკოპოსმა ასე უპასუხა: “რა საფრთხეებს და რასაც კოლუმბიასა და ავღანეთში, იმ საფრთხეებს ვხედავ”.

ეს განცხადებები ქორეპისკოპოსმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა, სახელწოდებით – “ნარკოპოლიტიკა საქართველოში – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება”.

11 სექტემებრს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს საექსპორტოდ მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებას სამედიცინო მიზნებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი