ზაზა სარალიძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შეუძლოდ გახდა, სავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც სარალიძის თანმხლებმა პირებმა განუცხადეს “ნეტგაზეთს”, მას “გადასხმას გაუკეთებენ, რის შემდეგაც აქციაზე დაბრუნდება”.
პოლიციამ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ წვიმისგან დასაცავი კარვების გაშლის საშუალება არ მისცა.
ამას აქციაზე დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია დაიძაბა. სარალიძე ცუდად გახდა და მისმა მხარდამჭერებმა სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც სარალიძე ადგილიდან წაიყვანა.
პოლიციამ საწვიმარი კარვის კონსტრუქციები აქციის მონაწილეებს წაართვა და რუსთაველის გამზირიდან მანქანით წაიღო.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციები გუშინ, 10 სექტემბერს განაახლეს. ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო ხელისუფლების გადადგმომის მოთხოვნით.