პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, იმუნიზაცია საქართველოში სავალდებულო ხდება. ცვლილება, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონებში შედის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 11 სექტემბერს განიხილეს.
ამ ეტაპზე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სანქციებს იმუნიზაციის თავიდან არიდების შემთხვევაში. მისი ერთ-ერთი ინიციატორისა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფო დააკვირდება, იმუშავებს თუ არა ახალი რეგულაცია. იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაციის კუთხით ვითარება არ გაუმჯობესდა, შესაბამისი სანქციებიც ამოქმედდება.
“დავაკვირდებით. შეიძლება, არ დაგვჭირდეს სანქციები და გამოსწორდეს ისე, რომ კანონმდებლობაში ჩადენილი გზავნილი – იმუნიზაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად – ისედაც მივიდეს საზოგადოებამდე, შესაბამისი კამპანიის მხარდაჭერით და იმუნიზაციის მაჩვენებელი გაუმჯობესდეს.
თუ მაინც არ გაუმჯობესდა, პარალელურად ვატარებთ რეგულირების ზემოქმედების შეფასებას რამდენიმე ინსტრუმენტის აღსრულების შესახებ, რომელიც საერთაშორისოდაც გამოიყენება. შეიძლება, ჩვენც გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი არ აღმოჩნდა საკანონმდებლო ნორმა. მაგალითად, როგორც ეს არის ბევრ ქვეყანაში, საუბარია საბავშვო ბაღში ან სკოლაში არდაშვებაზე, თუ ბავშვი სრულად ვაქცინირებული არ არის. მაგრამ ეს ამ ეტაპზე კანონში არ ჩაიდება”, – უთხრა აკაკი ზოიძემ “ნეტგაზეთს”.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებია მითითებული, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იმუნიზაციის გავრცელების მაჩვენებელი არასაკმარისია.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, იმუნიზაცია სავალდებულო 2019 წლის 1 იანვრიდან გახდება.