ახალი ამბები

IBSU – ს სტუდენტები, რომლებსაც სააპელაციო საბჭოს იმედი აქვთ

10 სექტემბერი, 2018 • 1905
IBSU – ს სტუდენტები, რომლებსაც სააპელაციო საბჭოს იმედი აქვთ

განათლების სამინისტროსთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სტუდენტებმა ავტორიზაციის საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესეტეს, რომლითაც უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ავტორიზაციის საბჭო IBSU – ს საშუალებას მისცემს, მეორე  სემეტრში მაინც მიიღოს სტუდენტები.

“კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ საბჭოს უსამართლო გადაწყვეტილება. დღეს, 10 სექტემბერს ჩვენს უნივერსიტეტს ახალი სტუდენტები უნდა მიეღო, თუმცა უსამართლო გადაწყვეტილების გამო ჩვენ სტუდენტები ვერ მივიღეთ. სააპელაციო საბჭოს მოვუწოდებთ, IBSU – თან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” IBSU – ს სტუდენტმა გიორგი ქართველიშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სააპელაციო საბჭოს უახლოეს მომავალში მიმართავენ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭო 11 წევრისგან შედგება. საბჭოს შეუძლია გაიზიაროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება,  ან ავტორიზაციის  საბჭოს ხელახლა დაუბრუნოს განსახილველად. კანონის თანახმად, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების შეჩერებას არ იწვევს.

აქციის მონაწილესა და შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტს, ნიკა კობერიძეს იმედი აქვს, რომ სააპელაციო საბჭო IBSU- ს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ჩვენი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საშუალებას არ მისცემენ სტუდენტები მიიღოს. ჩვენ სამართლიანობის იმედი გვაქვს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჭომ ჩვენს სასარგებლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნიკა კობერიძემ.

IBSU – ს სტუდენტი სალომე მაკარიძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ სანიკიძის გათავისუფლებას უნივერისტეტს უკავშირებს. მისი თქმით, თამარ სანიკიძის გათავისუფლებით დასტურდება, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროტესტი სამართლიანია.

“უკვე ოცი დღეა საბჭოს უსამართლო გადაწყვეტილებას ვაპროტესტებთ. დღეს თამარ სანიკიძე გადააყენეს, ეს ძალიან კარგია. მისი გადაყენება საზოგადოებისთვის სიგნალია, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის,” – აცხადებს სალომე მაკარაძე.

თუ სააპელაციო საბჭო უნივერისტეტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს,  ექვს თვეში უნივერსიტეტს უფლება აქვს საბჭოს წარუდგინოს ექსპერტთა ახალი დასკვნა და საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში. პროცედურის მიხედვით, ავტორიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვის შემდეგ, საბჭო სტუდენტების მიღების შეზღუდვას აუქმებს.


ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.

26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU-ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი