ახალი ამბები

გირჩმა სარეკლამო ბანერების განთავსების თხოვნით 24 პორნოსაიტს მიმართა

10 სექტემბერი, 2018 • 7516
გირჩმა სარეკლამო ბანერების განთავსების თხოვნით 24 პორნოსაიტს მიმართა

პარტია “გირჩმა” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სარეკლმაო ბანერების განთავსების შესახებ მოთხოვნა 24 პორნოსაიტს გაუგზავნა. ამის შესახებ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

პირველი პორნოსაიტი, რომელმაც “გირჩის” მოთხოვნა დააკმაყოფილა, Pornhub-ია. საიტზე საქართველოდან შესულ მომხმარებელს უკვე შეუძლია ორი ბანერის ხილვა, წარწერებით “მე არ გპირდებით ზომის გაზრდას” და “მეტი სექსი, მეტი თავისუფლება”. ბანერიდან ის პარტიის საიტზე, girchi.ge -ზე მოხვდება, სადაც  “გირჩის” მხარდამჭერის ფორმა დახვდება.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, Pornhub პირველი გამოეხმაურა პარტიის გზავნილს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, თხოვნა უპრობლემოდ დააკმაყოფილა.

“მხოლოდ Pornhub არ აგვირჩევია. ავარჩიეთ 24 პორნოგვერდი, სადაც საქართველოდან ყველაზე მაღალი ტრეფიკია. Pornhub არის პირველი საიტი, რომელიც გამოგვეხმაურა  და შესაბამისი პროცედურები გაგვატარა. ქართული ანბანი არ იცოდნენ, აინტერესებდათ, რა იყო წარწერა და ხომ არ ეწინააღმდეგებოდა ეს მათ პოლიტიკას. როგორც აღმოვაჩინეთ, არათუ პოლიტიკურ პარტიებს, კომერციულ კომპანიებსაც კი არ განუთავსებიათ იქ რეკლამა. ჩვენ ვიყავით პირველები და Pornhub-სთვის ქართული ანბანის სწავლებაც მოგვიწია. როცა დადასტურდა, რომ არაფერი ისეთი არ იყო, მოგვცეს თანხმობა და განათავსეს რეკლამა”, – უთხრა ჯაფარიძემ “ნეტგაზეთს”.

საიტზე განთავსებულ ერთ ბანერზე ქალი, მეორეზე კი  კაცია გამოსახული. მათგან შიშველი მხოლოდ ქალია.  თუმცა ზურაბ ჯაფარიძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს:

“სიმართლე გითხრათ, მაგაზე ბევრი არ გვიფიქრია, თუმცა შეგიძლიათ თქვათ, რომ სუბიექტური ვარ ამ ნაწილში და შიშველი ქალი უფრო ლამაზი და მიმზიდველია ჩემთვის, ვიდრე შიშველი კაცი”.

ჯაფარიძის განცხადებით, Pornhub-ზე რეკლამის განთავსება იაფიც არის და ეფექტურიც. ბანერები უკვე 150 000-მდე ადამიანმა ნახა, რამდენიმე ასეული კი “გირჩის” საიტზე გადავიდა:

“ძალიან იაფია, პრაქტიკულად უფასო. Pornhub-ის შემთხვევაში, პრაქტიკულად ფულს იხდი იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი დაკლიკავს ბანერზე. ბანერზე დაკლიკვისთანავე მომხმარებელი გადავა “გირჩის” პორტალზე, სადაც შეუძლიათ “გირჩის” მხარდამჭერად რეგისტრაცია. თუ სწორად მახსოვს, 200 ადამიანი გადმოვიდა და დარეგისტრირდა უკვე. 200 ადამიანი ნიშნავს, რომ დაახლოებით 6 დოლარი გვაქვს გადასახდელი…

მაგის მიზანი რეალურად იყო რეკლამა და ეს ფუნქცია მან შეასრულა. 150 000 ჩვენება დაფიქსირდა უკვე და ეს კვლავ გაგრძელდება. გარდა ამისა, რომ განიუსდა და პრაქტიკულად ყველა მედისაშუალება ამაზე წერს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტივია ჩემთვის. ვიღაცები გაიცინებენ, ვიღაცები დაგვცინებენ, ვიღაცები შეგვაგინებენ, თუმცა ჩვენს აქტივობებს ასეთი რაღაცები სულ თან ახლავს”.

ზურაბ ჯაფარიძე “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატად ცესკოში უკვე რეგისტრირებულია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მას 25 000 ხელმოწერა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი