შსს-ში აცხადებენ, რომ „ქართული მარშის“ ლიდერები გამოსაკითხად არიან გადაყვანილები

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ „ქართული მარშის“ წევრები – მიხეილ ამისულაშვილი, კონსტანტინე მარგოშია და რამაზ გაგნიძე გამოსაკითხად არიან პოლიციაში გადაყვანილი.

„მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის დაკავებისა თუ გამოსაკითხად გადაყვანის შესახებ ინფორმაციას, შს სამინისტროს პრესცენტრში არ ადასტურებენ.

„ქართული მარშის“ ლიდერებისა და წევრების დაკავების შესახებ ინფორმაცია, „რადიო თავისუფლების“ ფეისბუქ ჩართვის დროს „ქართული მარშის“ ადვოკატმა და მისმა წევრმა გაავრცელა.

დღეს „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს. „ქართულ მარში“ თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს მივიდნენ ამ თამაშზე და ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას მონაწილეობა გააპროტესტონ.

„ქართული მარში“ გურამ კაშიასგან ბოდიშის მოხდას მას შემდეგ ითხოვს, რაც ფეხბურთელმა სექსუალური უმცირესობის მხარდასაჭერად ლგბტ სამკლაური გაიკეთა.

2018 წლის 30 აგვისტოს უეფამ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო გადასცა.

საფეხბურთო მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე იწყება. სტადიონზე მიდიან გურამ კაშიას მხარდამჭერებიც, რომელთა ნაწილი ასევე აპირებს ლგბტ სამკლაურის გაკეთებას.

ამ დროსითვის [19:20] მატჩზე დასასწრები 43 ათასი ბილეთია გაყიდული. სტადიონი სულ 54 ათას გულშემატკივარს იტევს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან