ახალი ამბებისაზოგადოება

უნიკალური შანსი საქართველოსთვის – ერთა ლიგის სქემა მარტივად

9 სექტემბერი, 2018 • 10991
უნიკალური შანსი საქართველოსთვის – ერთა ლიგის სქემა მარტივად

საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც ზაფხულობით ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და თითქმის ყველა უყურებს ან მის შესახებ წერს ფეისბუკზე, არასდროს უთამაშია.

ფეხბურთის მმართველმა ევროპულმა ორგანომ (უეფა) გასულ წლებში გარკვეული წესები შეცვალა და ახლა საქართველოს (და სხვა პატარა საფეხბურთო ქვეყნებს) ისტორიაში საუკეთესო შესაძლებლობა და დამატებითი შანსი აქვს 2020 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად.

ლატვიასთან დღეს გასამართი მატჩი სწორედ ამ კონტექსტშია მნიშვნელოვანი სატურნირო თვალსაზრისით.

ქვემოთ, შევეცდებით ავხსნათ, რა შეცვალა უეფამ და რაში გამოიხატება ეს შესაძლებლობა.

რატომ გადაწყვიტა უეფამ ერთა ლიგის შექმნა?

მიზეზი მარტივია. უეფას სურს უპასუხოს კრიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში სანაკრებო პაუზებს, კონკრეტულად კი ამხანაგური მატჩების ხარისხს უკავშირდება. ამიერიდან ჩატარდება ბევრად უფრო ნაკლები ამხანაგური მატჩი, ერთა ლიგის თამაშებს კი, რომელიც მათ ჩაანაცვლებს, ოფიციალური ხასიათი ექნება, დამატებით ჩნდება მოტივაციაც – ერთა ლიგის საშუალებით ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზაურის მოპოვება შეუძლია, თან ისე რომ არა მასზე ბევრად ძლიერ გუნდებთან, არამედ თანაბარი კლასის ნაკრებებთან მოუწევს კონკურენცია.

როგორია ერთა ლიგის ფორმატი?

ევროპის ზონაში მოთამაშე 55 ნაკრები 4 ლიგად (A, B, C, D) დაიყო მათი სიძლიერისა და რეიტინგის მიხედვით.

ლიგა A – ევროპის უძლიერეს ნაკრებებს აერთიანებს და თავის მხრივ 4 ჯგუფად იყოფა.

  • ჯგუფი A1: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია
  • ჯგუფი A2: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია
  • ჯგუფი A3: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი
  • ჯგუფი A4: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

A ლიგაში შემავალი ჯგუფების გამარჯვებულები  უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენენ: იქნება ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი.

A ლიგაში შემავალი ჯგუფების ბოლოადგილოსანი გუნდები ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში, რომელიც 2020 წელს აიღებს სტარტს, B ლიგაში დაქვეითდებიან, ხოლო B ლიგის ჯგუფების პირველადგილოსნები – A ლიგაში ამოვლენ.

A ლიგის ის 4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომელიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის (ერთა ლიგა საკვალიფიკაციო ეტაპს არ ანაცვლებს, საკვალიფიკაციო ჯგუფური თამაშები მაინც გაიმართება) გავლით ვერ მოხვდება, ევრო 2020-ზე თამაშის შანსს მაინც ინარჩუნებს. 4 გუნდი პლეი-ოფს გაითამაშებს და მათ შორის 1 გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

დიდია იმის შანსი, რომ A ლიგის გუნდებმა საკვალიფიკაციო ტურნირი (რომელიც როგორც უკვე გითხარით ერთა ლიგა არ არის და საუბარია მეორე, პარალელურ გათამაშებაზე, რომელიც ევრო 2020-ის 24 საგზურიდან 20-ს გაანაწილებს) ადვილად დაძლიონ და ევროპის ჩემიონატის საგზურები მოიპოვონ, თუმცა თუ რომელიმე მათგანი ამას ვერ მოახერხებს, ერთა ლიგა მეორე შანსს აძლევს.

ლიგა B

  • ჯგუფი B1: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი
  • ჯგუფი B2: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი
  • ჯგუფი B3: ავსტრია, ბოსნია, ჩრ.ირლანია
  • ჯგუფი B4: უელსი, ირლანდია, დანია

პირნციპი აქაც იგივეა: B ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულები A ლიგაში დაწინაურდება, ხოლო ბოლოადგილოსნები – C ლიგაში დაქვეითდებიან.

B ლიგის ის 4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომელიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით ვერ მოხვდება, ევრო 2020-ზე თამაშის შანსს მაინც შეინარჩუნებს. 4 გუნდი პლეი-ოფს გაითამაშებს და მათ შორის 1 გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. ეს პლეიოფები 2020 წლის მარტში გაიმართება, როდესაც საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგები უკვე ცნობილი იქნება.

C ლიგა

  • ჯგუფი C1: შოტლანდია, ალბანეთი, ისრაელი
  • ჯგუფი C2: უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ესტონეთი
  • ჯგუფი C3: სლოვენია, ნორვეგია, ბულგარეთი, კვიპროსი
  • ჯგუფი C4: რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ლიეტუვა

პრინციპი იგივეა, რაც A და B ლიგებში.

D ლიგა – საქართველოს ჯგუფი

  • ჯგუფი D1: საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა
  • ჯგუფი D2: ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო
  • ჯგუფი D3: აზერბაიჯანი, ფარერები, მალტა, კოსოვო
  • ჯგუფი D4: მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი

პრინციპი იგივე, რაც A, B და C ლიგებში. D ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულები C ლიგაში დაწინაურდებიან, ხოლო ბოლოადგილოსნები არსად გავარდებიან.

რაც მთავარია ევროპის ჩემპიონატის 1 საგზური D ლიგაშიც გათამაშდება. საუკეთესო შედეგების მქონე 4 გუნდი,  პლეიოფს ითამაშებს და 1 საგზურის მფლობელს გამოავლენს. ეს პლეიოფებიც 2020 წლის მარტში გაიმართება, როდესაც საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგები უკვე ცნობილი იქნება.

როგორი იქნება საკვალიფიკაციო ტურნირი?

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 4 საგზური როგორც უკვე გითხარით, უეფას ერთა ლიგის მეშვეობით თამაშდება, დანარჩენი 20 კი, საკვალიფიკაციო ტურნირის, რომელიც 2019 წელს ჩატარდება.

საკვალიფიკაციო ტურნირისთვის 55 გუნდი 10 ჯგუფში განაწილდება. თითოეულ ჯგუფის I და II ადგილოსნები (ანუ სულ 20 გუნდი) ევროპის ჩემპიონატზე ავტომატურად მოხვდება. დარჩენილ 4 ადგილს კი ერთა ლიგის A, B, C, D ლიგების 4 გამარჯვებული შეავსებენ.

ამ ყველაფრის თაიმლაინი ასეთია:

  • 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფის თამაშები;
  • 2019 წელს გაიმართება საკვალიფიკაციო ტურნირის თამაშები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის 20 საგზურს გაათამაშებს;
  • 2020 წლის მარტში ჩატარდება ერთა ლიგის პლეიოფები, რომელიც დარჩენილ 4 ადგილს შეავსებს;
  • 2020 წლის ივნისში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი.

სად არის საქართველოს შანსი?

საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. ახლა მას ამისათვის ისტორიაში საუკეთესო შესაძლებლობა და 2 შანსი აქვს.

შანსი #1 – იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს საქართველომ ერთა ლიგის D ლიგა უნდა მოიგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ არა საფრანგეთს, ხორვატიას, ინგლისს, ესპანეთს (და ა.შ) უნდა აჯობოს, არამედ მისი კალიბრის გუნდებთან უნდა მოახერხოს პირველობა. საქართველომ ჯერ ჯგუფში უნდა გაიმარჯვოს (ლატვია, ყაზახეთი, ანდორა) ხოლო შემდეგ D ლიგის პლეიფოში და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველომ ჯგუფში პირველი თამაში ხაზახეთს მოუგო და მეორე ტურში ლატვიას უპირისპირდება.

D ლიგის ყველა მონაწილე:  საქართველო, ლატვია, ყაზახეთი, ანდორა, ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო, აზერბაიჯანი, ფარერები, მალტა, კოსოვო, მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი.

შანსი #2 ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მეორე გზაც არსებობს, თუმცა ბევრად უფრო რთული – საქართველომ საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი უნდა დაიკავოს. აქ მასთან ერთად ძლიერი და მაღალრეიტინგული ნაკრებების იქნებიან. საკვალიფიკაციო ტურნირი 2019 წელს გაიმართება. ჯგუფების შემადგენლობა ჯერ დაკომპლექტებული არ არის.

რა ხდებოდა აქამდე?

აქამდე გუნდები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის მხოლოდ საკვალიფიკაციო ტურნირებს თამაშობდნენ. წინასწარ შედგენილი კალათების მიხედვით ყალიბდებოდა ჯგუფი და ევროპის ჩემპიონატის საგზურს საუკეთესოები იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი რეიტინგების მიხედვით კეთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ყველა დონის გუნდი ხვდება, ეს კი ტოპ ნაკრებებს საქმეს უიოლებს, რადგან ისინი ჯგუფში ერთმანეთთან თითქმის არ ხვდებიან, ხოლო სუსტი ნაკრებებისთვის სისტემა ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ამცირებს.

ახლა პირველად ჩემპიონატების ისტორიაში ერთა ლიგის წყალობით ევროპის ზონის რეიტინგის უკანასკნელ 16 გუნდს, რომელთა შორის საქართველოცაა, 1 გარანტირებული საგზური აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი