ახალი ამბები

დემონსტრანტებმა ირანის საკონსულო გადაწვეს – უკონტროლო ვითარება ქალაქ ბასრაში

7 სექტემბერი, 2018 • 2504
დემონსტრანტებმა ირანის საკონსულო გადაწვეს – უკონტროლო ვითარება ქალაქ ბასრაში

ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბასრაში არეულობა გრძელდება. შეტაკებების მეხუთე დღეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებმა იერიში ირანის საკონსულოზე მიიტანეს და შენობა მოლოტოვის კოქტეილებით დაწვეს. ისინი ანტიირანულ შეძახილებს სკანდირებდნენ და ერაყის შიდა პოლიტიკაში თეირანის ჩარევას აპროტესტებდნენ.

BBC-ის ცნობით ინციდენტისას 1 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. თავდაცვის დანაყოფებთან თითქმის 1-კვირიანი სისხლიანი შეტაკებების შედეგად კი მსვერპლის რაოდენობამ ათს მიაღწია. მათ შორის სამი ადამიანი მაშინ დაიღუპა, როცა თავდაცვის ძალები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.

აქციის ათასობით მონაწილე კორუფციას, უმუშევრობასა და უხარისხო სერვისებს აპროტესტებს. თუმცა უკვე დღეს დემონსტრაციებზე განსაკუთრებით მომძლავრდა ანტიირანული განწყობები. The Guardian-ის ინფორმაციით, არაერთი დემონსტრანტი ირანის მიერ მხარდაჭერილ პარტიებს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევას ედავება და არსებულ მძიმე ვითარებასაც მათ მიაწერს.

არეულობა ბასრაში. ფოტო: EPA/ HAIDER Al Assadee

არეულობა ბასრაში. ფოტო: EPA/ HAIDER Al ASSADEE

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში ვითარება კონტროლს არ ექვემდებარება. ირანის საკონსულო მხოლოდ ერთ-ერთია გადამწვარ შენობებს შორის : მანამდე, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს სამთავრობო შენობები, შიიტური მილიციის განყოფილებები და სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. არეულობის გამო ბასრაში მდებარე ერაყის მთავარი პორტიც დაიხურა.

პროტესტის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ აბადი მოსახლეობას შესაბამისი ფინანსების გამოყოფასა და ქალაქში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ჰპირდება. CNN-ის ცნობით, აბადიმ ბასრასთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის პირობა ივლისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროსაც დადო, თუმაცა “დაპირება დაპირებად დარჩა”.

ბასრა ერაყის სიდიდით მეორე და ნავთობით მდიდარი ქალაქია, შიიტი უმრავლესობით. აქვე მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტიც. ქვეყნის სიმდიდრის დიდი ნაწილი სწორედ ბასრადან მოდის, თუმცა ქალაქში ნაკლები რჩება. ენერგოსისტემა გაუმართავია, სასმელი წყალი კი, დაბინძურებული, რის გამოც ბოლო დროს საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მოხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი