ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში საქართველოდან რუსი ჟურნალისტების გაძევების ფაქტი დაგმეს

7 სექტემბერი, 2018 • 2750
ცხინვალში საქართველოდან რუსი ჟურნალისტების გაძევების ფაქტი დაგმეს

“საქართველოს ხელისუფლების ქმედება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ თბილისის ურთიერთობა რუსეთთან არ იცვლება”, –  განაცხადა ცხინვალში sputnik-ის პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის უფროსმა მარინა კოტაევამ.

“ვფიქრობ, შემაშფოთებელია საქართველოს მხრიდან რუსი ჟურნალისტების მიმართ ასეთი მოპყრობა. რამდენადაც ვიცი, მედიაფორუმი რუსეთის პრეზიდენტის გრანტით ტარდებოდა, გამოდის, რომ ღონისძიებაზე, რომელსაც რუსეთი ატარებს, მისი მოქალაქეები არ დაუშვეს. ჩვენს კოლეგებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ კიდევაც გაუმართლათ, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის  შესაბამისად, საკანში არ მოხვდნენ ანდა ჯარიმის გადახდა არ მოუწიათ.

ალბათ, საქართველო ჯერ ვერ გაიზარდა იმ ევროპულ დემოკრატიულ ნორმებამდე, რომლის დემონსტრაციასაც ცდილობს. პატარა სამხრეთ ოსეთი დემოკრატიის ბევრად მეტ ნიშანს ავლენს”, – განაცხადა ცხინვალის წარმომადგენელმა.

ამასთან, რუს კოლეგებს ურჩია, რომ აღნიშნული ფაქტი “ნერვიულობად არ ღირს”.

5 სექტემბერს თბილისში რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მხარდაჭერით დაფინანსებული მედიაფორუმი გაიხსნა. ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, ქართველმა მესაზღვრეებმა დელეგაციის სამი წევრი ქვეყანაში არ შემოუშვეს. მათ შორის  არიან რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბოდრიუგოვი, რუსული გამოცემა Tass-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი და ალექს ტოკარევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი