ახალი ამბები

მერიას ჭაში ჩავარდნილი მოქალაქისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

5 სექტემბერი, 2018 • 1820
მერიას ჭაში ჩავარდნილი მოქალაქისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისის მერიასა და “თბილსერვის ჯგუფს” საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია იცავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხეებს, შპს “თბილსერვის ჯგუფსა” და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სოლიდარულად დაეკისრათ მოქალაქისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. საია-ს ცნობით, უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სწორედ ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო.

საია-ს ცნობით, 2014 წლის 1 ივლისს მოსარჩელე ღამის საათებში 5-6 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა თბილისში არსებულ ერთ-ერთ საკანალიზაციო ჭაში (წყალარინში), სადაც 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მოქალაქის ჭაში ჩავარდნა გამოიწვია ჭის თავსახურის დაზიანებამ. საფრთხის არსებობის შესახებ ჭასთან არ იყო განთავსებული რაიმე ტიპის აღნიშვნა, რაც დაზარალებულს აფიქრებინებდა საფრთხის შესახებ. შემთხვევის შედეგად მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და გრძელვადიანი სამედიცინო მკურნალობა.

როგორც მოპასუხე აცხადებდა, მოსარჩელე (ჭაში ჩავარდნილი მოქალაქე) არ მოძრაობდა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ჭა იყო დახურული, ასევე არ მიმდინარეობდა ჭის რემონტი ან რეაბილიტაცია, შესაბამისად, ჭასთან არ ყოფილა გამაფრთხილებელი ნიშნების საჭიროება. ამასთან, თბილისში არის 30 000-მდე ჭა და მათი ყოველდღიური კონტროლი შეუძლებელია ადმინისტრაციული ორგანოსთვის.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების არგუმენტები და მიიჩნია, რომ არსებობდა მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, თბილისში განთავსებული სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე (ექსპლუატაციაზე) მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად ატარებს ტენდერს და გამარჯვებულ კომპანიასთან დებს ხელშეკრულებას. 2014 წლიდან შპს “თბილსერვის ჯგუფი” მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებს. 2015 წელსაც იმავე სამუშაოებს ასრულებდა აღნიშნული კომპანია.

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ზიანი, რომელიც გამოხატულია მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანებაში, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედება  გამოხატულია მოპასუხე მხარეების უმოქმედობაში. კერძოდ, შპს “თბილსერვის ჯგუფის” ვალდებულებას წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნული ჭის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სანიაღვრე ჭების შეკეთება, ახალი ჭის მოწყობა, დაზიანებული კოლექტორის შეკეთება, სანიაღვრე სისტემის შესაბამის გამართულ და მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოყვანა ან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმოადგენდა განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი ან/და შეემოწმებინა შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ გაწეული მომსახურეობა, რაც არაჯეროვნად შესრულდა მოპასუხეების მხრიდან.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ჭაში ჩავარდნილ მოქალაქეს მერიამ სრულად აუნაზღაურა მკურნალობაზე დახარჯული სოლიდური თანხა, ასევე, მორალური ზიანის კომპენსაციისთვის დაეკისრა 6 ათასი ლარის გადახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი