ახალი ამბები

ეკონომიკური კრიზისის გამო, თურქეთში გაზეთების ნაწილი გამოცემას ამცირებს

3 სექტემბერი, 2018 • 2781
ეკონომიკური კრიზისის გამო, თურქეთში გაზეთების ნაწილი გამოცემას ამცირებს

თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში 7 ადგილობრივი გაზეთი ეკონომიკური კრიზისის გამო კვირაობით აღარ გამოიცემა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “ბირგუნი” იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დოლარის მიმართ თურქული ლირის გაუფასურებისა და ბეჭდვის თანმდევი ხარჯების ზრდის პირობებში, კვირას, 2 სექტემბერს, მკითხველთა ნაწილმა  სასურველი გაზეთებიდან ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო.

“ეკონომიკური პრობლემების, ლირის გაუფასურებისა და ქაღალდის იმპორტზე ფასების ზრდის გამო, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ ჩვენს გაზეთებს კვირაობით”, – აღნიშნა მურათ ათილლამ, ერთ-ერთი გამოცემის რედაქტორმა.

ერთ-ერთი ულტრანაციონალისტური გაზეთის, “აიდინლიქის” გამოცემა იმავე პრობლემების გამო სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. მთავრობისადმი კრიტიკული გაზეთები, “ჯუმჰურიეთი” და  “სოზჯუ” კი იძულებული გახდნენ, გაზეთის ღირებულება 25%-ით გაეზარდათ.

Birgün -ის ცნობით, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თურქეთის საგამომცემლო სფერო მნიშვნელოვნად დაზარალდა. პრობლემები შეექმნათ როგორც გაზეთებს, ისე საგამომცემლო სახლებსა და წიგნის მაღაზიებს.

ეკონომიკური კრიზისი თურქული მედიისთვის პრობლემების ერთადერთი მაპროვოცირებელი არ არის. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მონაცემებით, პრესის თავისუფლების კუთხით ქვეყანა 180-დან 157-ე ადგილზეა. ქვეყანაში მედიის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ხელისუფლების ბრძანებით, ქვეყანაში 200-მდე გაზეთი, ტელევიზია, რადიო და საინფორმაციო სააგენტო დახურეს. “სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრის” მონაცემებით, ამავე პერიოდში დაკავებულ ჟურნალისტთა რიცხვი ამ დროისთვი 237-ს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურებას კვლავ განაგრძობს. წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 50%-ით გაუფასურდა.

ამასობაში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დოლარის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ სავაჭრო ტრანზაქციებსა და ინვესტიციებში აშშ დოლარის მონოპოლია უნდა დასრულდეს. “ჩვენ დოლარი ეროვნული ვალუტით უნდა ჩავანაცვლოთ,” – აცხადებს ერდოღანი.


თურქეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციის პიკი გასული თვე აღმოჩნდა, როცა ლირა აშშ დოლართან დაახლოებით 40% – ით გაუფასურდა. ლირის ამგვარმა გაუფასურებამ თურქეთის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ერდოღანი თქმით, ამერიკული დოლარის გამოყენებას მხოლოდ ზიანი მოაქვს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება თურქეთში ამერიკელი პასტორის დაკავებას მოჰყვა. ამის პასუხად აშშ –მა თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ახალი ტარიფები დააწესა.

ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში თითქმის 20 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, 2016 წელს, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. 2018 წლის ივლისში ის გაათავისუფლეს, თუმცა შინაპატიმრობაში დატოვეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი