ახალი ამბები

სასამართლომ სამეგრელოს სამალავების საქმეზე ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა

18 მარტი, 2014 •
სასამართლომ სამეგრელოს სამალავების საქმეზე ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, 3 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება. სასჯელის იგივე ზომა დაეკისრა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, კოხტა კოდუას. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ზუგდიდის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია.

 

სხვა პირების სასჯელები შემდეგნაირად განისაზღვრა:


დავით ჩაგინავა (თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი-გამომძიებელი) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;


–  კობა თოდუა (იგი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო დაკავების მომენტში) – 9 წლით პატიმრობა;

 

 გურამ ჭითანავა (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მოქმედი თანამშრომელი იყო დაკავების მომენტში) – 6 წლით პატიმრობა;


პაატა ქირია (შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;


გიორგი ბულია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;


ირაკლი ახალაია (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი) – 2.3 წლით თავისუფლების აღკვეთა;  


თემურ უბირია (ბრალდების ცნობით, ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ის ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას) – 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა.



რუსლან შამახია, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, აცხადებს, რომ მისი და სხვა პირების წინააღმდეგ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ძალადობის გზით იყო მოპოვებული:


“მე მედავებოდნენ წამებას, გატაცებას და გაუპატიურებას, თუ რამე მძიმე მუხლებია, ყველაფერი იყო ბრალდებაში. დარწმუნებული ვარ, ბიჭები უდანაშაულოები არიან. ის მტკიცებულებები, რაც მათ წარმოადგინეს სასამართლოზე, ყველაფერი იყო გაყალბებით, წამებით, ძალადობით მოპოვებული. ზოგმა პოლიციელმა ვერ გაუძლო ამ ზეწოლას, ამ ცემა–ტყეპას, რაც მათ მიერ იქნა განხორციელებული, მაგრამ მერწმუნეთ ხალხო, ამ ყველაფერს მალე ფარდა აეხდება და ეს ხალხი, ვინც ამ ვაკჰანალიაში მიიღო მონაწილეობა, ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში”, – აცხადებს რუსლან შამახია.


როგორც პროკურორი გიორგი კავსაძე აცხადებს, განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ პროკურატურამ შესაძლოა განაჩენის ნაწილი, მათ შორის რუსლან შამახიას გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივროს:


“მოსამართლემ დააყენა განაჩენი საზარელ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2011 წლის მაისსა და აგვისტოში, ამ პირების დანაშაულებრივი ქმედება დადასტურდა, ეს ის კადრებია, რომელიც საზოგადოების ნაწილმა იხილა შინაგან საქმეთა სამინსიტროში და რომლის ბოლომდე ყურება ვერც კი შეძლო ზოგიერთმა. დამერწმუნეთ, რომ ამაზე საზარელ ფაქტებს ვერ ნახავდით ვერასოდეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ ჩვენი ბრალდება აბსოლუტურად მყარად იყო იმ მტკიცებულებებზე დამყარებული და ფაქტიურად 12–დან 11 პირზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც არ არის ცუდი შედეგი”, – განაცხადა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.

 

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე გასული წლის ივნისში წარედგინა ბრალდება შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებსა და თანამშრომლებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტომ აღმოაჩინა სამალავი, სადაც განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები და წინა ხელისუფლების ოპონენტების მაკომპრომეტირებელი მასალები.


შსს–ს ინფორმაციით, სამალავში აღმოჩენილი იყო სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა. ორი ვიდეომასალა შსს-მ მაშინ აჩვენა ჟურნალისტებს, დეპუტატებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.


აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებიდან დღემდე მიმალვაში არიან კოხტა კოდუა, დავით ჩაგინავა, მეგის ქარდავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი