ახალი ამბები

ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი, 20 მილიონი ექსპონატით, ხანძარმა გაანადგურა

3 სექტემბერი, 2018 • 7377
ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი, 20 მილიონი ექსპონატით, ხანძარმა გაანადგურა

რიო დე ჟანეიროში მდებარე ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი, რომელიც ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბუნებისმეტყველო მუზეუმს წარმოადგენდა, მთლიანად დაიწვა. ხანძარი შენობაში 2 სექტემბრის საღამოს გაჩნდა და უნიკალური ექსპონატები შეიწირა.

ადგილობრივი გამოცემა BNO News-ის ცნობით, ცეცხლი შენობას მაშინ გაუჩნდა, როცა ვიზიტორებისათვის დაკეტილი იყო. ხანძარი შენობის სამივე სართულს მოედო და იქ განთავსებული 20 მილიონამდე ექსპონატი გაანადგურა.

CNN-ის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას შვიდი სხვადასხვა სადგურიდან მობილიზებული მეხანძრეები მთელი ღამის მანძილზე ცდილობდნენ, თუმცა 200-წლიანი ისტორიის მქონე შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქვეყნის პრეზიდენტ მიშელ ტემერის თქმით, დანაკარგი იმდენად დიდია, რომ მისი აღრიცხვა გართულდება.

“ეროვნული მუზეუმის კოლექციის განადგურება ბრაზილიისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. 200-წლიანი შრომა, კვლევა და დაგროვილი ცოდნა დაიკარგა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მუზეუმი რიო დე ჟანეიროში მდებარეობს. 2 საუკუნის წინ შენობაში სამეფო სასახლე იყო განთავსებული. მუზეუმშიხ შირად იმართებოდა ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, ზოოლოგიისა და გეოლოგიის შესახებ გამოფენები. აქვე ინახებოდა ათასობით ექსპონატი კოლუმბამდელი ეპოქიდან. ასევე, ძველი ეგვიპტის დროინდელი არტეფაქტები, მათ შორის, მუმიები, სარკოფაგები, მონუმენტები და ქვის ქანდაკებები.

ხანძრამდე რამდენიმე თვით ადრე მუზეუმის 200 წლის იუბილე აღინიშნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი